1
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა – “ამერიკის ხმის” ცნობით, საკანონმდებლო მაცნეში უკვე იძებნება, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მას წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი, ან იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
“ამერიკის ხმას” ექსკლუზიური ინტერვიუ აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა სტივ კოენმა მისცა. კონგრესმენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარებაა საჭირო.
ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია”, – ამბობს კოენი “ამერიკის ხმასთან”.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ტექსტი “ამერიკის ხმამ” ექსკლუზიურად მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი “ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან” კრძალავს.
რესპუბლიკელი ჯო უილსონისა და დემოკრატი სტივ კოენის თანაავტორობით წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ შტატებმა “ურთიერთობის ნორმალიზება არ უნდა მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული”.
უკანასკნელის მიზეზად კი “ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებია” დასახელებული.