WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების თაობაზე გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა 15 სექტემბრის სხდომაზე „ინერციით“ დაუჭირა მხარი, და ამ ფაქტს „ტექნიკური ხარვეზი“ უწიდეს.  

პარტია „საქართველოსთვის“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული იმ სადავო რეგულაციების გაუქმებას ითვალისწინებდა, რომლებიც მოიცავდა: ტროტუარებზე აქციების გამართვის შეზღუდვას; აქციებზე აკრძალული ნივთების ჩამონათვალის გაფართოებას; და შეკრების შესახებ პოლიციის წინასწარ შეტყობინებას. ეს პროცედურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებდა უფლებამოსილებას, აღეკვეთა კონკრეტულ ადგილებში ისეთი შეკრებები, რომლებსაც უწყება არასასურველად მიიჩნევდა.

კანონპროექტი არ ითვალისწინებდა შეკრების თავისუფლების იმ შეზღუდვების გაუქმებას, რომლებიც ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ეხებოდა.

საბოლოო ჯამში, კანონპროექტი პირველი მოსმენით ვერ გავიდა, რადგან მან საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო. ინიციატივას მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა: 16-მა საპარლამენტო უმრავლესობიდან (მათ შორის, „ქართული ოცნების“ 14-მა და „ხალხის ძალის“ ორმა წევრმა) და პარტია „საქართველოსთვის“ 12-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა შორის იყვნენ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გავლენიანი ფიგურები, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე „ხალხის ძალის“ წევრები – გურამ მაჭარაშვილი და ეკა სეფაშვილი.

უმრავლესობის სხვა დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, იყვნენ: თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.

„ეტყობა ინერციით დააჭირეს“, – განაცხადა სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომელსაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა მისი თანაგუნდელების მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კირცხალიამ მომხდარი „ტექნიკურ ხარვეზს“ მიაწერა; ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ კენჭისყრის დროს იგი თავად არ იმყოფებოდა დარბაზში.

This post is also available in: English