WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია “თავისუფლების მოედანი” ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციას ეხმაურება და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს “ქართულ ოცნებას”:

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუცია მკაფიო პოლიტიკური გაფრთხილებაა: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს აშორებს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ანგრევს და საერთაშორისო იზოლაციასა და ქვეყნის დასუსტებას იწვევს.

ამის ფასს საქართველოს მოქალაქეები ვიხდით. ეს არის დაკარგული მილიონობით ევროს დაფინანსების შესაძლებლობა ჩვენი სოფლებისა და ქალაქებისთვის, ფერმერებისა და ბიზნესისთვის; ნაკლები შესაძლებლობები ოჯახებისთვის, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის. ეს არის ევროპულ ბაზართან დაახლოების, მეტი ინვესტიციის, უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების ხელიდან გაშვებული შანსი.

ევროპა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის. ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს უსაფრთხოება და დაცულობა, თავისუფლება, ადამიანის ღირსების განუხრელი დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მთავრობები ემსახურებიან ხალხს და მისი ნების მიხედვით იცვლებიან.

სწორედ იმიტომ არის ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი ვალდებულება, რომ ის არცერთი ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. ჩვენ ამ გზის ერთგული ვართ – “თავისუფლების მოედანი” იბრძოლებს ბოლომდე, მანამ სანამ წართმეული ძალაუფლება არ დაუბრუნდება ხალხს, ხოლო ქვეყანა მისი განვითარების ისტორიულ და კანონზომიერ გზას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.