„ქართული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დიპლომატიის აკადემიას აფუძნებს

2 weeks ago 27

საქართველოს სადავო პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიპლომატიის აკადემია“ ფუძნდება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს „უმაღლესი დიპლომატიური რანგი“ მიენიჭება, რის საფუძველზეც მოხდება რანგის შესაბამისი დანამატის – ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემა.

კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მესამე და საბოლოო მოსმენით 70 ხმით 28 მაისს იქნა მიღებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. ის პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს, აგრეთვე პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს.

ინიციატივა უმაღლესი განათლების სფეროში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სადავო რეფორმის ფონზე ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროგრამების განმახორციელებელ ერთადერთ სახელმწიფო უნივერსიტეტად განისაზღვრა.  დიპლომატიის აკადემიის შექმნის გეგმებმა კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამებმა შესაძლოა თსუ-დან ახალ სასწავლო დაწესებულებაში გადაინაცვლოს.

ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“  ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა დიპლომატიის აკადემიის ჩამოყალიბება თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანდათანობით გაუქმებას, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა: „კი. ეს არის პრინციპი – ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი, რომელიც ვრცელდება თბილისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და ეს არის პრინციპი რომელიც მოქმედებს ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუ ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, გადავა მილევად რეჟიმში, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში“.

მიღებული ცვლილებების თანახმად, დიპლომატიის აკადემია ასევე უზრუნველყოფს „კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს“, რომლის მიზანიც „პირის მიერ დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე პირის იმ საკითხებში მომზადება და გადამზადება, რომლებიც სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება“.

ამავე ცვლილებების თანახმად, პირი, რომელსაც აქვს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება „მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აკადემიის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, სამინისტროს ასიგნებიდან მიღებული შემოსავლები, გრანტები და სხვა კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები. დაწესებულებაში, სავარაუდოდ, 46 ადამიანი დასაქმდება, წლიური სახელფასო ფონდი კი 1 093 350 ლარი იქნება. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება, აკადემია ყოველწლიურად 70 ბაკალავრიატისა და 50 მაგისტრატურის სტუდენტს მიიღებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა