WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის „სრული“ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად „ეთიკური და სამართლებრივი“ რისკები დაასახელა, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობა და ქალების ექსპლუატაცია, ასევე ბაზრის „მნიშვნელოვანი“ ზრდა. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სუროგაციის სერვისებით მოსარგებლეთა 98%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 22 ნოემბერს უმრავლესობის სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, შესაბამისი კანონმდებლობა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

კირცხალიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ეფუძნება, კერძოდ ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკებს. მისი თქმით, მართალია გადაწყვეტილებას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, კირცხალიამ დააკონკრეტა, რომ გეგმები სუროგაციის „სრულ“ აკრძალვას გულისხმობს. მან დაასახელა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ამ სერვისებით მოსარგებლეთა 98% უცხოელია. მან არ დააკონკრეტა, კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას შეეხება თუ ნებაყოფლობით სუროგაციას ქართული ოჯახებისთვისაც აკრძალავს.

აღიარა რა, რომ ქართული ოჯახებიც იყენებდნენ ასეთ სერვისებს, მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი „გაგებით მოეკიდებიან“ ზემოთხსენებულ რისკებს. მან ასევე პირობა დადო, რომ ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად დედობისა და მშობლობის საკითხებში.

კირცხალიამ არ დაასახელა კონკრეტული ციფრები ან ფაქტები, რამაც რისკებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვი ქვეყნიდან გაჰყავთ, საქართველოს ნულოვანი კონტროლი აქვს ამ ბავშვის მომავალზე იქ, სადაც მიყავთ.

განცხადებას უფლებადამცველებს შორის დისკუსიები მოყვა, რომელთაგან ზოგიერთი სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა სექტორის რეგულირების აუცილებლობა აღიარა.

„სუროგაცია ხელმისაწვდომად უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტს. საქართველოში კი უშვილობა სერიოზული პრობლემაა“, – დაწერა „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ „ფეისბუქზე“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ „დანარჩენს სჭირდება მკაცრი რეგულირება, რადგან საქართველოში არიან სუროგატი დედები, ვინც მოტყუებით ჩამოიყვანეს აქ და ფულსაც კი არ უხდიან. და არიან სუროგაციით დაბადებული ბავშვები, რომლებიც ვინ შეუკვეთა და სად მიყავთ კაცმა არ იცის და ზოგჯერ აღარც მიყავთ და აქვე ტოვებენ“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მიესალმა კომერციული სუროგაციის აკრძალვას როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს „ქალთა ექსპლუატაციისა და მათი რეპროდუქციული შესაძლებლობების კომერციალიზაციის წინააღმდეგ“. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკომერციული, ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა შენარჩუნდება, მკაფიო სამართლებრივი გარანტიებითა და ქალის თავისუფალი, ინფორმირებული თანხმობის სრული დაცვით“.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლამ არ გამოიწვიოს რეპროდუქციული არჩევანის ყველა ფორმის შეზღუდვა“, – დაწერა მიქელაძემ „ფეისბუქზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც მას „სინოდის გავლენიან წევრებთან აშკარა კონფლიქტი აქვს“.

„გადაწყვეტილების დრო და პოლიტიკური კონტექსტი საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ის პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი“, – წერს იგი.

This post is also available in: English