ქვეყნების საელჩოები და საგარეო საქმეთა სამინისტროები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს ეხმაურებიან

13 hours ago 9

სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საგარეო საქმეთა სამინისტროები 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს ეხმაურებიან.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.

„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას განცხადებით, უკრაინა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის მიწების უკანონო ოკუპაციას.

„თვრამეტი წლის წინ რუსულმა ძალებმა სასტიკად განახორციელეს ინტერვენცია სუვერენულ საქართველოში,რითაც დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების დაქვემდებარებას ისახავს მიზნად.

2008 წლის აგრესიამ და საქართველოს მიწების ოკუპაციამ, ისევე როგორც შეუჩერებელმა მცოცავმა ანექსიამ, პირდაპირ გაუკაფა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოსა და უკრაინის მიწების რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც კი მიდის, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევები მოაქვს.

მოუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, გაატაროს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული პასუხისმგებლობა რუსეთის დანაშაულებზე. ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა მოითხოვს რუსული ჯარების სრულ გაყვანასა და საერთაშორისო სამართლის სრულად აღდგენას“, – დაწერა ანდრეი სიბიჰამ X-ზე.

Eighteen years ago, Russian forces brutally invaded sovereign Georgia, violating international law as part of Moscow’s imperial policy aimed at subjugating other nations and peoples.

The 2008 aggression and occupation of Georgian land, as well as relentless creeping annexation,…

— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 7, 2026

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოსადმი სოლიდარობა გამოხატა პოლონეთის საელჩომაც.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

„უკვე 18 წლის წინ რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაცითაც გამოავლინა თავისი უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ესტონეთი დგას საქართველოს ხალხის გვერდით და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების გაგრძელებული ოკუპაცია და მისი სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი თავისი ამბიციების განსახორციელებლად კვლავ ძალას ეყრდნობა.

ჩვენ უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, – დაწერა X-ზე მარგუს ცაჰკნამ.

ასევე განცხადება გაავრცელა ესტონეთის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ ის, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში დაიწყო, შემთხვევით დარღვევა არ ყოფილა, არამედ აშკარა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებს აღარ იცავს.

„ყირიმის ანექსიამ ეს სიმართლე მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა. საქართველოს წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ აჩვენა, რომ რუსეთის მიერ წესებით თამაშის იმედი, საშიში შეცდომაა. ეს როგორც დასავლეთში, ასევე თბილისში კარგად უნდა ახსოვდეთ“, – ნათქვამია ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსული საოკუპაციო ძალებისა და მათ მოკავშირეებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

On the 18th anniversary of Russia’s aggression against Georgia, Latvia reaffirms its support for Georgia’s sovereignty and territorial integrity and strongly condemns the occupation of South Ossetia and Abkhazia.

Latvia 🇱🇻will continue to support the Georgian 🇬🇪 people in… pic.twitter.com/xYjfn1UtoX

— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) August 7, 2026

აგვისტოს ომის 18 წლისთავს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„18 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. ლიეტუვა გმობს ამ რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

18 years ago, Russia launched its war of aggression against #Georgia, occupying the regions of Abkhazia & Tskhinvali. Lithuania condemns the ongoing unlawful occupation of these regions and remains steadfast in its support for Georgia’s sovereignty & territorial integrity. pic.twitter.com/x7ubz4vJSh

— Lithuania MFA 🇱🇹 | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) August 7, 2026

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შეიჭრნენ. 18 წლის შემდეგ ოკუპაცია კვლავ გრძელდება.
როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

In August 2008, Russian troops invaded #Georgia. 18 years on, the occupation persists. In Georgia as in Ukraine,we once again call on Russia to end its blatant violation of international law and respect the sovereignty and territorial integrity of its neighbours.@NorwayAmbGeoArm

— Norway MFA (@NorwayMFA) August 7, 2026

დანიის საელჩოს განცხადებით, დანია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დღეს პატივს მივაგებთ იმ მამაც ქართველებს, რომლებმაც 18 წლის წინ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად სიცოცხლე გაწირეს.
კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობთ რუსეთის განგრძობად სამხედრო ყოფნას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებას“, – ნათქვამია დანიის საელჩოს განცხადებაში.

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„დღეს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმაც.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებული რჩება. ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს ელინა ვალტონენი X-ზე.

Since the 2008 Russian invasion of Georgia, Abkhazia and South Ossetia remain occupied. Finland firmly supports Georgia’s sovereignty and territorial integrity. We call on Russia to fulfill its commitments under the 2008 ceasefire agreement.

— Elina Valtonen (@elinavaltonen) August 7, 2026

2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება სლოვენიის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროც.

„2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. 18 წლის შემდეგაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია კვლავ გრძელდება. სლოვენია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემით მიიღწევა“, – ნათქვამია სლოვენიის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

In 2008 Russia attacked #Georgia. 18 years on, the occupation of Abhazia and South Ossetia still persists.#Slovenia 🇸🇮 reaffirms its support for Georgia’s 🇬🇪 sovereignty and territorial integrity. Lasting peace and security can only be built on full respect for international… pic.twitter.com/RlMPmPaOIS

— MFEA Slovenia (@MZEZ_RS) August 7, 2026

2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

4 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა.

„2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.
2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.

შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“, – ნათქვამია 4 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

წელს 18 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განვითარდა. 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოიყვანა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, საქართველომ კი კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მთავარ ფოტოზე კადრში ჩანს გორელი კაცი. ფონზე დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სრულად წაკითხვა