მოქალაქეებს, ვისაც 2025 წელს 100 000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდათ, დაჩქარებული ცვლილებების შედეგად 2026 წელს უკვე აღარ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა.
„ქართულმა ოცნებამ“ 14 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც ქონების გადასახადის ზღვარი არსებული 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
უნდა შეეხოს 2025 წლის შემოსავლებს
15 სექტმბერს რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ როდინდელ შემოსავლებსა და დეკლარაციას შეეხება ინიციირებული ცვლილებები, - 2025 წლისას თუ 2026-ისას, - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს:
„ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით იმიტომ განიხილება, რომ შეეხოს 2025 წელს [მოქალაქეთა მიერ] მიღებულ შემოსავლებსა და დასაბარეგრ ქონებას“.
დეკლარაციის შევსება და გადასახადები
ზოგადი დანაწესი ასეთია:
- მოქალაქეებმა ყოველი წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეავსონ ქონების დეკლარაცია;
- ეს დეკლარაცია უნდა ასახავდეს წინა წლის სრულ შემოსავლებს;
- ეს წესი ეხება მათაც, ვინც მიიღო 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი და გააჩნია დასაბეგრი ქონება, ან შემოსავლების რაოდენობის მიუხედავად გააჩნია დასაბეგრი ქონება.
უფრო მარტივად
2026 წლის 1 ნოემბრამდე მოქალაქეებმა უნდა შეავსონ 2025 წლის ამსახველი დეკლარაცია, ხოლო 2026 წლისავე 15 ნოემბრამდე - დარიცხული გადასახადი გადაიხადონ.
აქამდე არსებული წესით, თუ ადამიანს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, - და თან ჰყავდა ავტომობილი ან ჰქონდა სახლი თუ სხვა უძრავი ქონება, - გადასახადის გადახდა მოუწევდა.
მაგრამ პარლამენტში დაჩქარებული ცვლილებების შედეგად წელს უკვე აღარ გადაიხდის ამ გადასახადს - თუკი შემოსავალი 100 000 ლარს არ ასცდა.
„81 ათასი ოჯახი“ და „22 მილიონი“
ინიციატივა 40 000-იანი ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 14 სექტემბერს წარადგინა.
„ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე“, - თქვა მან.
15 სექტემბერს კი შემოსავლების სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ზღვრის აწევის შედეგად, „81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის“.
„დღეს მოქმედი წესით ამ ოჯახებს, ჯამურად, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ“, - განაცხადა მან.
ბარათაშვილმაც განაცხადა, რომ „კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“.
radiotavisupleba ახალი ამბები