კვირას ქალაქ ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, იტყობინებიან უნივერსიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი საავადმყოფო. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც გამოცემა The Times of Israel იტყობინება, მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ კომენტარი სთხოვა ისრაელის თავდაცვის არმიას, მათ განაცხადეს, რომ შეტევა განხორციელდა ტერორისტების წინააღმდეგ და რომ ოპერაციის შესახებ დეტალები მოგვიანებით გამოცხადდება.
ქალაქ ღაზის ისლამური უნივერსიტეტის ორმა თანამშრომელმა AFP-ს განუცხადა, რომ იერიშის შედეგად მოკლულები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ, ხოლო დაჭრილები - უნივერსიტეტის სტუდენტები.
ღაზის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სტუდენტები ინციდენტის დროს ლექციას ესწრებოდნენ. სამინისტრომ დაგმო თავდასხმა და თქვა, რომ „სტუდენტებსა და უნივერსიტეტებზე თავდასხმების თაობაზე გლობალური სიჩუმე აგულიანებს ამ დანაშაულების გაგრძელებას“.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზაში უმაღლესი განათლება სრული გაქრობის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან ომის შედეგად დაზიანებულია აკადემიური სფეროს შენობების 95 პროცენტი.
„უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში 10 სტუდენტი და მასწავლებელი იქნა მოკლული საოკუპაციო ცეცხლის შედეგად,“ განაცხადა ღაზის სექტორის განათლების სამინისტრომ.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს თანახმად, კვირას კიდევ ოთხი ადამიანი იქნა მოკლული ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონში.
ღაზაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებს ზავი, მაგრამ, როგორც AFP შენიშნავს, მან ვერ შეძლო ძალადობის მთლიანად შეჩერება.
radiotavisupleba ახალი ამბები