WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

როგორც ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი უყვება რადიო თავისუფლებას, საქმის მასალებში დართულია მხოლოდ ოქტომბრის ორი დღის მიმოწერა, სადაც რაიმეს ორგანიზებაზე საუბარი არ ჩანს. სახლებიდან მტკიცებულებად ამოღებული ნივთები კი პირადი მოხმარების, მათ შორის მშობლების ნაჩუქარი სუვენირები ან ოჯახის საერთო სარგებლობის ნივთებია, რომლიც მიხედვითაც "არასერიოზულია დანაშაულის მომზადებაზე საუბარი."

"ეს პირები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ერთხელაც კი არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი და არც შეხვედრის მცდელობა არ ჰქონდათ, არც იმ სკოლაში არიან ნამყოფები, რომელზე თავდასხმასაც გამოძიება ამბობს, რომ ამზადებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მეორე ბრალდებული რომ აჩვენო, ვერც კი იცნობს, ვიდეთვალითაც კი არასოდეს არ დაურეკავთ ერთმანეთისთვის, მისი ფოტოც არ ჰქონდა ნანახი - ისეთი ავატარი ჰქონდა [სოციალურ ქსელებში], რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია" - ამბობს გია დარჩია.

მისი მონათხრობის მიხედვით, გამოძიება დაიწყო მეორე ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძალადობის მოწოდების შემცველი პოსტით, რომლის "სქრინშოტიც", ანუ გამოსახულებაც საქმის მასალებში არ დევს. ის ამბობს, რომ არც გამოძიების მასალებით და არც ბრალდებულთან გასაუბრებით, არ იკვეთება რომ მოზარდებს კავშირი ჰქონდათ რაიმე სხვა ძალადობრივ დაჯგუფებასთან ან გამოძიება მათ საეჭვო ქცევას თვეების განმავლობაში სწავლობდა და მიყურადებისა და მოსმენის ობიექტები იყვნენ.

"ისეთი მოქმედება, ურთიერთშეთანხმება, რომ რამის აფეთქებას გეგმავდნენ, ან განეხილათ როგორ მზადდება ესა თუ ის ასაფეთქებელი საშუალება, არ ჩანს. არავის აფეთქებას და არავის დაზიანებას არ აპირებდნენ. შეუძლებელია რაიმეს ორგანიზებაზე საუბარი" - ამბობს ის.

მეორე ბრალდებულის ადვოკატი, რომელთან დაკავშირებაც რადიო თავისუფლებამ ასევე სცადა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მოზარდების დაკავების ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

“შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ."

პროკურატურის განმარტებით, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.