WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ ადვოკატი მისი შვილის მოსანახულებლად შევა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, რათა მასზეც არ მოხდეს ზეწოლა გლდანის ციხეში. სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ მათი წარმომადგენელი დღეს აუცილებლად მოინახულებს გიორგი ფეიქრიშვილს.

"ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“ - ნინო აბრამიშვილის ამ განცხადების ფონია წინა კვირაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხეში სასტიკად გაუწროდნენ ვატო ყიფიანი, დავით ბილანიშვილი და მათთან ერთად რამდენიმე პირი, რომლებიც ციხის ადმინისტაციის ნებართვით შევიდნენ იმ საკანში, სადაც დავითი ახალი გადაყვანილი იყო და რომელშიც სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის.

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას უარყოფს, გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში სხეულის მძიმე დაზიანებებით (სახის ძვლებისა და ნეკნების მოტეხილობით, ხერხემლის მალების დაზიანებითა და არაერთი ჰემატომით) გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. გამოძიებას ამ დრომდე ამ ფაქტზე იუსტიციის სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, რომ მომხდარი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, რომ ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი უკვე ციხესთან იმყოფებიან, თუმცა ელოდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რათა მათთან ერთად შევიდეს უფლებადამცველი დავით ფეიქრიშვილის მოსანახულებლად.

სახალხო დამცველის პრესსამსახურში თავის მხრივ ადასტურებენ ჩართულობას ამ საქმეში - "შევლენ", გვითხრეს, როცა ვიკითხეთ, შევიდოდნენ თუ არა დღესვე ომბუსმენის წარმომადგენლები საპატიმროში.