შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით დაკავებულია 107 ადამიანი.
შსს ამბობს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და დაშავდა 10 პოლიციელი.
„მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს,
ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში
რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს აცხადებს, რომ მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და
ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“, — აცხადებს შსს.
30 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა დაარბია თბილისში, რუსთაველზე გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქცია.
მომიტინგეთა მცირე ჯგუფს სპეცრაზმი დილის 06:30 საათზე გაუსწორდა – სცემეს და დააკავეს აქციის მონაწილეები. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან და ჯგუფურად სცემენ პოლიციელები ძირს დაგდებულ მომიტინგეს.
სპეცრაზმელები შეიჭრნენ რუსთაველის თეატრშიც, სადაც აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობას ჰქონდა შეფარებული თავი.
მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
- მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
- 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.
- კობახიძის ამ განცხადებას მოყვა სპონტანური აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
- სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა.
- ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.
- სპეცრაზმმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე.