დასახლებულ პუნქტებში ღამით ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი ზღვარი 23:00-დან 08:00 საათამდე მოქმედებს.
ჯარიმები უცვლელია. ზღვრის გადაჭარბებისთვის მძღოლს 100 ლარით აჯარიმებენ და მართვის მოწმობაზე 10 ქულას აკლებენ. განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა 200 ლარია და მძღოლს 20 ქულა აკლდება, მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისას კი ჯარიმა 300 ლარია და მძღოლს 30 ქულა აკლდება. პოლიცია ხმაურს პორტატული საზომი მოწყობილობით ამოწმებს.
მძღოლების ნაწილი ამბობდა, რომ 80 დეციბალი ზედმეტად დაბალი ზღვარი იყო და შემოწმებისას ამ ზღვარს ზოგიერთი ავტომობილი ქარხნული მაყუჩითაც აჭარბებდა. რადიო თავისუფლების ვიდეოში ავტომოყვარულებმა ხმაური იმავე წესით გაზომეს, რომელსაც საპატრულო პოლიცია იყენებს. ერთ-ერთი ავტომობილის შემოწმებისას მოწყობილობამ 93–94 დეციბალი აჩვენა.
მძღოლები გაზომვის წესსაც აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, შემოწმებისას ავტომობილი გაჩერებულია და ხმაური მაყუჩიდან 50 სანტიმეტრის დაშორებით, ძრავის გაზრდილ ბრუნვაზე იზომება. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ასეთ პირობებში მიღებული მაჩვენებელი ქალაქში მოძრაობისას ავტომობილის ხმაურს არ ასახავდა.
radiotavisupleba ახალი ამბები