2 აგვისტოს ღამით რუსეთის სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიას 133 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.
„წინასწარი მონაცემებით, დილის 08:00 საათისთვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს მტრის 109 უპილოტო საფრენი აპარატი (შაჰედის, ჰერბერას, იტალმასის ტიპის), ასევე „ბანდეროლის“ ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა და სხვა ტიპის დრონები უკარიანის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. დაფიქსირდა 24 მოიერიშე უპილოტო აპარატის მიზანში მოხვედრა 19 ლოკაციაზე, ასევე სამ ლოკაციაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნა“, - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები და დასძენენ, რომ რუსეთის იერიში კვლავ გრძელდება, ამიტომ მოსახლეობამ უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვას.
რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად უტევენ უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა სახის შეიარაღებით - დამრტყმელი უპილოტო აპარატებით, რაკეტებით, მართვადი საავიაციო ბომბებით (КАБ), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით (РСЗО) და სხვა საშუალებებით.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ იერიშებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა.
მათი შეფასებით, მოსახლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ელექტროენერგიის, გათბობის, წყალმომარაგების, კავშირის, სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობების შეზღუდვაა, გენოციდური ქმედებების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დროს რუსეთის არმია მიზანმიმართულად უტევს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებს.
იურისტების, გენოციდის მკვლევრებისა და უფლებადამცველების ნაწილის შეფასებით, ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთი უკრაინის მოქალაქეების მიმართ ისეთ ქმედებებს სჩადის, რომლებიც შესაძლოა გენოციდის განსაზღვრებას შეესაბამებოდეს. მათ შორის სახელდება:
- განცხადებები უკრაინელების განადგურების განზრახვის შესახებ - რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინელები, როგორც ეთნოსი, „არ არსებობენ“, რომ ეს „ხელოვნურად შექმნილი“ ერია, ხოლო ისინი, ვინც ამას არ ეთანხმებიან, „უნდა განადგურდნენ“, და რომ უკრაინასა და უკრაინელებს მომავალში არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ;
- უკრაინელების განადგურების საჯარო მოწოდებები;
- მოსახლეობის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო დაწესებულებების მიზანმიმართული დაბომბვა, რათა ადამიანები დარჩნენ ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის, კავშირის, სამედიცინო დახმარებისა და სხვა აუცილებელი პირობების გარეშე;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროუკრაინული პოზიციის მქონე ადამიანების დევნა და განადგურება;
- ინტელიგენციის - მასწავლებლების, ხელოვანებისა და იმ ადამიანების განადგურება, რომლებიც უკრაინული კულტურის მატარებლები არიან და მის გავრცელებას ემსახურებიან;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა, რომელიც ბავშვების იდენტობის შეცვლაზეა მიმართული;
- ბავშვების მშობლების გარეშე რუსეთში დეპორტაცია მათი იდენტობის შეცვლის მიზნით;
- ბიბლიოთეკებიდან უკრაინული წიგნების ამოღება და განადგურება, მუზეუმების გაძარცვა და უკრაინელების მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან დაკავშირებული არტეფაქტების მიზანმიმართული გატაცება.

15 hours ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·