„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

1 month ago 23

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყოლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება.

15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარდგნენ – იტალიელი ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი, სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან ერთად ბეატრიჩე ვენეციმ ააჟღერა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„არაჩვეულებრივი საღამო შედგა ფანტასტიკური მაესტრა ბეატრიჩე ვენიცის, უნიჭიერესი სანდრო ნებიერიძისა და შესანიშნავი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობით. მაესტრამ გააოცა მსმენელი, არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ოვაციები. მინდა, მივულოცო სანდრო ნებიერიძეს ურთულესი ნაწარმოების ფანტასტიკურად შესრულება. მადლობა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში წინ გველოდება 17, 18 და 20 სექტემბრის კონცერტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან ერთად.

დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

ბეატრიჩე ვენეცი, დირიჟორი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ ვიმყოფები ფესტივალზე „ღამის სერენადები“ და ვდირიჟორობ კონცერტს.  საოცრად მიგვიღო მსმენელმა, ძალიან დიდი ემოციებით დავიტვირთე. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სანდრო ნებიერიძე და მე ვიყავით სცენაზე. არ წყდებოდა ოვაციები, ეს ხელოვანისთვის უდიდესი ბედნიერებაა. შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. დიდი მადლობა ასეთი სითბისა და სიყვარულისთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ ფესტივალთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ.“

მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

„საოცარი კონცერტი იყო. აღფრთოვანებული ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასეთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. ამ ფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს და იტალიის საელჩო ტრადიციულად თანამშრომლობს მასთან. ეს არის 2 ქვეყნის დიდი მეგობრობის დასტური. იტალია უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. თქვენს წინაშე წარსდგა იტალიელი დირიჟორი, რომელიც ამ ქვეყანას და მის კულტურას ღირსეულად წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ „ღამის სერენადებს“ მხარს ვუჭერთ და ეს  გაგრძელდება მომავალშიც.“

სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

„უდიდესი ენერგიით აღსავსე ემოციური კონცერტი ჩატარდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეზიარებინა სცენა უნიჭიერეს არაჩვეულებრივ მაესტრასთან ბეატრიჩე ვენეცისთან. გვერდს გვიმშვენებდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავი მუსიკოსები. მგონია, რომ დიდი სიამოვნება მიიღო მსმენელმა. ჩვენც მძლავრი ემოციებით დავიტვირთეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებშიც შევხვდებით მე და მაესტრა ერთმანეთს და შევძლებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ „ღამის სერენადები“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და არაერთ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს მსმენელს.“

ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.

სრულად წაკითხვა