“გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე – ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან! მიზეზი – გასაგებია”, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა გამოაქვეყნა.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
“ვინ იქნება შემდეგი?”, – დაწერა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატმა ნეტგაზეთს დამატებით განუცხადა, რომ სანამაშვილი იურისტია და პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. მას საჯარო სექტორში მუშაობის 20-წლიანი სტაჟი აქვს ისე, რომ შენიშვნაც კი არ მიუღია.
ადვოკატი მომხდარს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირებს. როგორც ცნობილია, ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით შანტაჟსა და ზეწოლაზე ისაუბრა ახალი დანაშაულის თავის თავზე აღების მიზნით.
ნეტგაზეთი ცდილობს საჯარო უწყებიდან საპასუხო კომენტარის მოპოვებას, რის შემდეგაც სტატია განახლდება.
netgazeti