WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილან ლიდერი „აუცილებელი მოგერიების ფარგლებში“ დაიცავს. ასე გამოეხმაურა ის დის ქმრისთვის ახალი ბრალის წაყენებას.

„ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი „მეგობრის“ მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი „ფეისბუკში“.

ღარიბაშილის ახალი ბრალი

დღეს, 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორის ცნობით, გამოძიება ეყრდნობა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭყლაძის ჩვენებას - ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ამ ბრალის წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე ღარიბაშვილმა ციხიდან განცხადებები გაავრცელა - ის საუბრობდა თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე. ასევე, ახალ მოსალოდნელ ბრალზე.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.

მან განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.