2017 წლის დასაწყისში, ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტომ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ზომაზე მეტად შემწვარი კარტოფილი კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ზოგიერთმა სპეციალისტმა ამას მორიგი “საფრთხობელა” უწოდა და აღნიშნა, რომ დასკვნა სხვა კვლევების შედეგებს ეწინააღმდეგება.
ვინ არის მართალი?
არ ვიცით. ხშირად, მედიაში წერენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი ან პროცედურა ზრდის კიბოს რაიმე სახეობით დაავადების რისკს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება სტატიები იგივე პროდუქტების ან პროცედურების სასარგებლო ეფექტზე ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ჟურნალისტები მეცნიერების კვლევებს ეყრდნობიან, რომლებიც ზოგჯერ, ყოველ შემთხვევაში, ობივატელის თვალში, მართლაც წინააღმდეგობრივ დასკვნებამდე მიდიან.
კონკრეტული მაგალითები არსებობს?
რა თქმა უნდა.
ერთი მხრივ, ყავას ფილტვის კიბოთი დაავადების მაღალ რისკს უკავშირებენ. ის ვინც უკოფეიონო ყავას სვამს, როგორც ჩანს ეს საფრთხე ნაკლებად ემუქრება. მეორე მხრივ, ყავის დალევას უკავშირებენ პირის ღრუს და ხახის, ასევე ღვიძლის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებას.
ხორცი
კვლევების თანახმად, ადამიანები რომლებიც ჭამდნენ წითელ ან გადამუშავებულ ხორცს, ხშირად კიბოსგან იღუპებოდნენ. ასეთი ხორცის ხშირი მიღება, ავითარებს კოლორექტალურ (მსხვილი და სწორი ნაწლავის) სიმსივნეს. მეორე მხრივ, არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ჭამდნენ თეთრ ხორცს, კიბო იშვიათად ემართებოდათ.
რძე
ერთი მხრივ, რძის და კალციუმის ხშირი მიღება, სავარაუდოდ ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მეორე მხრივ, ქალებს, რომლებიც არაპოსტკლიმაქსურ პერიოდში იღებდნენ დაბალი ცხიმის შემცველ რძის პროდუქტებს, სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ემართებოდათ. სწორი ნაწლავის კიბო იშვიათად ემართებათ მათ, ვინც ბევრ რძეს სვამს და ზოგადად რძის პროდუქტების (ყველის გარდა) აქტიური მომხმარებელია.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ქალებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ ჩასხვის საწინააღმდეგო აბებს, საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირია, ასევე სავარაუდოდ მათში სარძევე ჯირკვალის კიბოს განვითარების რისკიც მაღალია. მეორე მხრივ, ასეთ ქალებს იშვიათად უვითარებათ ენდომეტრიის და საკვერცხის კიბო.
ჭარბი წონა და სიმსუქნე
ჭარბი წონა და გაცხიმოვნება ზრდის კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს, მიელომების, კუჭის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების და საშვილოსნოს კიბოს გაჩენის რისკს. გაცხიმოვნების დროს, ოდნავ, მაგრამ მაინც, იზრდება პროსტატის კიბოს რისკი. თუკი ქალს პოსტკლიმაქსურ პერიოდში ნორმაზე მაღალი წონა აქვს, მას სარძევე ჯირკვალის კიბოს გაჩენის მეტი რისკი აქვს. მეორე მხრივ, ზედმეტ და ჭარბწონიან ქალებს კლიმაქსამდე სარძევე ჯირკვალის კიბოს გაჩენის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
რატომ არის მეცნიერების კვლევები წინააღმდეგობრივი?
პირდაპირ წინააღმდეგობაზე ლაპარაკი გადაჭარბებულია. უბრალოდ, მსგავსი თემების გამოკვლევა ძალიან რთულია. ცნობილი ბრიტანელი ექიმის ბენ გოლდაკრის გამონათქვამი კარგად აღწერს ამ სიტუაციას:
“იდეალურ სამყაროში, მე ავიყვანდი ათას ახალშობილს ოქსფორდის სამშობიაროდან, გავყოფდი მათ შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად და ნახევარს ვეტყოდი არაფერი ეჭამათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხილის და ბოსტნეულის გარდა, მეორე ნახევარს მოვთხოვდი მხოლოდ ხორცით და შემწვარი ქათმით კვებას. შემდეგ დავაკვირდებოდი რომელ ნაწილს განუვითარდებოდა კიბო, გულის დაავადებები, ვინ უფრო მალე დაიღუპებოდა, ვის ექნებოდა ყველაზე საშინელი ნაოჭები, ვინ გახდებოდა ყველაზე ჭკვიანი და ასე შემდეგ”.
მაგრამ მსგავსი კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ამიტომ ვერ ადგენენ მეცნიერები მკაფიო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს – მათ მხოლოდ კორელაციაზე შეუძლიათ ლაპარაკი. უხეშად რომ ვთქვათ, ხშირად, მეცნიერებს არ შეუძლიათ ამტკიცონ, მაგალითად ის, რომ ხამანწკები შაქრის დიაბეტისგან გვიცავს. მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ “ადამიანები, რომლებიც ხამანწკებს ხშირად ჭამდნენ, იშვიათად ავადდებოდნენ შაქრის დიაბეტისგან”. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვეულებრივ, დასავლურ ქვეყნებში ხამანწკებზე ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ, რომლებსაც სწორი კვების და ფიტნეს-კლუბებში პირადი მწვრთელების დაქირავების შესაძლებლობა აქვთ. დაავადების ნაკლები რისკიც აქედან მოდის, ანუ ლაპარაკია სწორედ კორელაციაზე და არა მიზეზსა და შედეგზე.
ეს ერთადერთი პრობლემაა?
არა. კვლევის მონაწილეები ხშირად შეუგნებლად ტყუიან – ცოტას თუ ახსოვს, მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რამდენი პომიდორი ჭამა. გარდა ამისა, ამა თუ იმ პროდუქტის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ძალიან ბევრი კვლევაა (ასეთ კვლევებზე გრანტებს სიხარულით გასცემენ), მათგან უხარისხო ნამუშევარი ბევრია.
ვის დავუჯერო? როგორ გავარკვიო, რა არის ჩემი ორგანიზმისთვის სასარგებლო და რა – არა?
თუ თქვენ, რომელიმე დაავადების რისკის ზონაში ხართ, სასურველია ყურადღება მიაქციოთ კვებაზე ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე კვლევას ეფუძნება. მაგრამ, მთლიანობაში უკეთესია, თუ ნებისმიერი ხმაურიანი სტატიის წაკითხვის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ წესს არ შეიცვლით, არამედ გაიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც კარგი კვლევებით დასტურდება. თქვენი კვების რაციონის საფუძვლად აქციეთ კარტოფილი (უკეთესია კანთან ერთად), მთლიან მარცვლოვანი მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი, მთლიან მარცვლოვანი პური, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და იშვიათად – ხორცი.
წყარო: Meduza