ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ

2 days ago 4

მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რაც პარლამენტმა, - რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ - 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რაც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო და რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები უწოდებენ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“.

იმ კანონებს შორის, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, არის:

  • ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;
  • ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება - რაც ასევე პიროტექნიკას ეხება
  • შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება - სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ
  • პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის
  • ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, - რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;
  • ცვლილებები საარჩევნო კოდექში - რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.
  • ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.

რა შედის ძალაში დღეიდან?

ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონების ნაწილში მითითებულია, რომ ისინი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისათვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული.

არის შემთხვევები, როდესაც ძალაში სხვადასხვა დროს შედის ერთი და იმავე კანონის სხვადასხვა პუნქტი.

რადიო თავისუფლებამ შეამოწმა ჩამოთვლილი კანონები და მათი ნორმები.

აი, ის ნორმები, რომლებიც 2024 წლის 30 დეკემბრიდან უკვე არის ძალაში შესული:

  • იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება - ჯარიმდება 2 000 ლარით;
  • იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ - ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;
  • სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, - ჯარიმდება 1 000 ლარით და მართვის უფლების ერთი წლის ჩამორთმევით ისჯება;
  • საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმდება 1000 ლარით - ნაცვლად აქამდე მოქმედი 50-ლარიანი ჯარიმისა; განმეორებით დაჯარიმება 2000- და 3000-ლარიან ჯარიმას უდრის;
  • შსს-ის „სისტემაში დადგენილი“ ფორმის - ან „მასთან მიმსგავსებული ატრიბუტირკის“ უკანონოდ ტარება - 2000 ლარით ჯარიმდება
  • გზის გადაკეტვისას - თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა - გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები - 5 000 ლარი ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო „ორგანიზებისათვის“ - 15 000 ლარი 5 000-ის ნაცვლად).
სრულად წაკითხვა