ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, აღდგენილია.
აქციის მონაწილეები მთავრობის ახალი პირობებით უკმაყოფილო არიან, თუმცა დათანხმდნენ იმიტომ, რომ მოკრეფილმა ყურძენმა გაფუჭება დაიწყო.
ქარხანამ მოსავლის მიღება განაახლა
ღვინის ქარხანამ, „ყვარლის სარდაფი 2“, მოსავლის მიღება განაახლა.
ერთ-ერთი მევენახე, ვინც პროტესტის შემდეგ ყურძენი ჩააბარა, ახალსოფელში მცხოვრები ლია კინდიაშვილია.
„ჩემი ყურძნის სიტკბო 21.2 პროცენტია. კილოგრამში ლარ-ნახევარს გადამიხდიან. ეს რომ გუშინ ჩამებარებინა, ვფიქრობ, 17-ზე დაბალს მეტყოდნენ. ახლა ყურძენს გულისყურით სინჯავენ რამდენჯერმე. ვფიქრობ, ეს აქციის შედეგია”, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ მევენახემ.
აქცია დასრულდა
მიუხედავად იმისა რომ აქცია დასრულდა, ადგილზე რჩებიან პოლიციის ეკიპაჟები მთელი კახეთიდან.
ღვინის ქარხანაში ასევე მივიდნენ კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
მევენახეები ყვარლის მუნიციპალიტეტში, - რომლის სოფლებშიც არის ჩამბარებელი პუნქტები, - ორი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას მართავენ და აპროტესტებდნენ ყურძნის ჩაბარების პირობებს - დაბალ შესასყიდ ფასს.
ფასი შეიცვალა
22 სექტემბერს, ნაშუადღევს, - პროტესტის მეორე დღეს, - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა:
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება“.
„ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“, - განაცხადა მან.
radiotavisupleba ახალი ამბები