„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს აფარებენ თბილ ოფისებს და ახალგაზრდებს აპირისპირებენ პოლიციელებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოციზიის ლიდერები და მდიდარი არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლები ოფისებში თბილად მოკალათებულები მართავენ აქციებს და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ წინა აქციები. იქაც ხდებოდა ანალოგიურად. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს აფარებენ თბილ ოფისებს, სადაც შეყუჟულები არიან, მიირთმევენ ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს და როგორც მაშინ, ახლაც ბავშვებს, ახალგაზრდებს აპირისპირებენ პოლიციელებს.
დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით, არავინ ამაში ხელს არ უშლის, არავინ იზღუდება, თუმცა ჩვენ ვნახეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც გადადიოდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, მძიმე საგნებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რადიკალური დაჯგუფებების ლიდერები კი ამ დროს თბილად ისხდნენ ოფისებში. ესეც მათი ხელწერაა.
როგორც იცით, ოპოზიციის რეიტინგი არის ნულს ქვემოთ. ყველანაირად განულებულები არიან, არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაში არ გააჩნიათ. შესაბამისად, მცდელობა აქვთ, საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან და ეს ვითომ ახალგაზრდების აქციაა.
ეს რადიკალური დაჯგუფებები არიან მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაზულუქებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. ყველა პროცესი რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს