25
,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი;
,,ომის მეგობრობა სულ სხვა მეგობრობაა, ჯერ კიდევ ჩვენი ბაბუებისგან გვახსოვს ფრაზა: ეს ჩემი ფრონტის მეგობარიაო, რაც უღალატობის სინონიმი იყო!
ომის მეგობრობა მარადიულია, ზედმეტ სიტყვებს არ საჭიროებს, ჩუმი თანადგომა იცის. ჰოდა, ჩემს მეგობრებს მინდა მოვეფერო: ია დანელიას, ირინა გოგოსაშვილს, მაკა რაზმაძეს, თამრიკო დეკანოსიძეს, ია თინიკაშვილს, კობა ლიკლიკაძეს, გოგა ჭყონიას, გურამ გორელიშვილს, გიორგი ფოფხაძეს, მიშა მიმინოშვილს, ლია მირცხულავას, პავლე ზაკალაშვილს, მიშა მანდარიას, მიშა ჭიაურელს, კიდევ ბევრს… ვიცი, არ მიწყენთ, ვინც გამომრჩა. ეს საოცარი ხალხი ცოცხალი გმირობის მაგალითი იყო ჩემთვის- აფხაზეთის ომში…
ჩემი დიდი მეგობარი ლევან თედიაშვილი შვილთან ერთად იყო ომში და უკარგესი შვილი დაკარგა, ირინა გოგოსაშვილმა კი- ქალმა ჟურნალისტმა პატარა შვილთან- ბექასთან ერთად ვაჟკაცურად, ღირსეულად გაიარა ომის 13 თვე და 13 დღე, დღეს ბექა ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია… ამას რომ ვიხსენებ, გული მეკუმშება. აბა, წარმოიდგინეთ თან, დედა იყო, თან- ჟურნალისტი, თან- ომში… თამარ დეკანოსიძე ცოცხალი გმირი იყო და არის ჩემთვის, ბევრი ვერ ბედავდა იმ პოზიციებზე შესვლას და კადრების გადაღებას, სადაც ჩვენი საამაყო კოლეგა და მეგობარი შედიოდა, მისი რეპორტაჟები სამაგალითოა სამხედრო ჟურნალისტიკაში, ჩემი ია დანელია კი, პირველი იყო, ვინც ომში წავიდა: ჯერ ცხინვალში, მერე- აფხაზეთში. ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, ჯგუფელები, უზომოდ ბედნიერი დღეები დავტოვეთ თბილისში და ჯოჯოხეთში წავედით. ია დანელიას სიმამაცე, ვაჟკაცობა, უშიშარი მოქმედებები და გადაღებული კადრები ომის ჟურნალისტიკის “ოქროს ფონდის” მარგალიტებია. მაკა რაზმაძე … შეხედავ- ნაზი, ჰაეროვანი, უბოროტო, სიკეთის განსახიერებაა, ომში- უტეხი, უშიშარი, ყველაზე სახიფათო პოზიციებზე გადიოდა, კამერა არ ჩამოუღია მხრიდან, ფასადაუდებელია მისი გადაღებული ვიდეოკადრები, სრულიად უნიკალურია. ია თინიკაშვილი- ომების ერთ- ერთი ყველაზე მამაცი რეპორტიორი, ჩემი ლია მირცხულავა ჭუბერის გზის მემატიანეა, ისე გამოიარა ის ჯოჯოხეთი, მაინც ასწრებდა ოპერატორისთვის დავალება მიეცა: ახლა წითელი ღრუბლები გადამიღე, ახლა გაყინული მოხუცი, ახლა- მიცვალებული, ახლა- ბავშვები ორხიდიან მანქანაში… გავაგიჟეთ პავლე ზაკალაშვილი, ჩვენი ოპერატორი.
გოგა ჭყონიაზე, კობა ლიკლიკაძეზე, მიშა მანდარიაზე, გურამ გორელიშვილზე, მიშა მიმინოშვილზე, გიორგი ფოფხაძეზე ერთი დიდი წიგნი დაიწერება, ისეთი გმირული გზა აქვთ გავლილი… მართლა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კოლეგები მყავს: საამაყო, პატიოსანი, უშიშარი და სახელოვანი. ეს ხალხი რომ ომის პირობებში გენახათ, იამაყებდით და იმის მერეც ასეთებად დარჩნენ! არასდროს, არანაირ დაფასებაზე პრეტენზია არ ჰქონიათ და არა აქვთ. ამას წინათ რაღაცა დავწერე და უცბად ჩემს გვერდში გაჩნდნენ, ასეთია ომის მეგობრობა- ალალი, უანგარო, მართალი… ყველა ჩემზე უკეთესია და ამ დროს, მე მაქებდნენ… მამხნევებდნენ… არ არსებობს ამაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება. ძალიან მინდა, მხნედ მყავდეთ, სათითაოდ ყველას გეფერებით… თქვენნაირ ხალხზე იდგა და დგას ეს ქვეყანა და აქამდე რომ არ გავქრით, ესეც თქვენნაირების დამსახურებაა.
ვინც დავკარგეთ, ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მათი სულები. თითოეული მათგანი ჩვენს გულშია.“
საერთაშიროსო alia.ge