UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი, დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ილია თოფურიასთან დაპირისპირება არ შედგება.
„ჩემი აზრით, თოფურია არც ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ იჩხუბებს. UFC-ს შეუძლია ნებისმიერი სცენარი აირჩიოს, მაგრამ ყველაზე რეალური მეტოქე ალბათ პედი პიმბლეტია. ვფიქრობ, თოფურია სწორედ მასთან დაიცავს ქამარს,“ – აღნიშნა ცარუკიანმა Sport24-თან საუბარში.
სომეხი მებრძოლის თქმით, თოფურიას კარიერული ინტერესები სხვა მიმართულებით არის გადატანილი:
„თუ ისლამ მახაჩევი კიდევ ერთხელ მოიპოვებს ტიტულს, შემდეგ 77 კგ-ში გადავა და სამმაგი ჩემპიონობისკენ წავა. ასეთ შემთხვევაში თოფურია ჩემთან ბრძოლას არ მოისურვებს — ისლამთან დაპირისპირება ფინანსურად უფრო მომგებიანია და ისტორიული შანსიც ექნება. თუ ისლამთან წააგებს, მაინც ექნება ახსნა, რომ უფრო მაღალ წონაში იბრძოდა.“