„ყველაფერი ბრუნდება 20 წლის უკან“ – როგორ დაარღვია „ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმებაც

2 days ago 1

იმის დასტურად, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა „ქართული ოცნება“ ხშირად ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იშველიებს ხოლმე და ამტკიცებს, რომ პარტია ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებას მიყვება.

თუმცა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებასაც და იმ რეფორმებსაც, რაც რამდენიმე წლის წინ შრომითი კანონმდებლობის კუთხით სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ გაატარა.

რა არის ასოცირების შეთანხმება?

ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების  მაღალ დონეს მოიცავს.

ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, მათ შორის, დასაქმების და სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს უნდა მოეხდინა ეტაპობრივი საკანონმდებლო დაახლოება ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანას უნდა შეემუშავებინა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი დასაქმების პოლიტიკა, სამუშაო უსაფრთხოების ნორმები და ანტიდისკრიმინაციული და სოციალური დაცვის მექანიზმები.

2014 წელსვე ასოცირების დღის წესრიგში ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიაში მოხვდა ძირითადი შრომითი სტანდარტების საკითხიც.

კერძოდ, ჯერ კიდევ 2014–2016 წლების დღის წესრიგში გაიწერა, რომ საქართველოს ევალებოდა 2013 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსის შესრულება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების შესაბამისად. ასევე ჩაიწერა, რომ ქვეყანას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობა უნდა გაგრძელებინა და გაღრმავებინა.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლიდან აქვს, თუმცა მანამდეც ჰქონდა ევროკომისიასთან შესაბამისი შეთანხმება GSP+ (განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი სქემა, რომელიც მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის გაძლიერებისკენაა მიმართული). აქაც გაწერილი იყო ეს შრომითი სტანდარტები და რეალურად სწორედ 2013 წლის შრომის რეფორმა უძღოდა წინ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს მანამდეც იყო ევროკომისიის მხრიდან წინაპირობა, რადგან სულ უარყოფითი დასკვნები კეთდებოდა საქართველოსთან მიმართებით, ვინაიდან შრომითი კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არ გვქონდა და არც აღსრულების მექანიზმი.

შემდეგ, როცა 2014 წელს დაიდო ასოცირების ხელშეკრულება, პირველივე სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერა, რომ სავალდებულო იყო საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება და შრომის ინსპექციის სამსახურის ამოქმედება“, – ამბობს ნეტგაზეთთან რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

„ერთ დღეს ყველა მოქმედი მოხელე გაიღვიძებს სრულიად დაუცველი“

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ შრომითი უფლებების დაცვის მთავარი პირობა არის ის, რომ ადამიანი მაქსიმალურად იყოს დაცული გათავისუფლებებისგან. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები უნდა იყოს სტაბილური.

ამ მხრივ ყველაზე დაცული სწორედ საჯარო სამსახურში დასაქმებულები იყვნენ და ახლა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი უფლებადამცველების შეფასებით, მათ დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტს – სტაბილურობას – აცლის.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა „ოცნებამ“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. ცვლილებები საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხების გამარტივებას ეხება. თუ მანამდე მოქმედი კანონპროექტით რეორგანიზაცია ავტომატურად არ იწვევდა  დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას, ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა.

„საჯარო სამსახური ასოცირებული იყო სტაბილურ დასაქმებასთან, რადგან აქ დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი იყო ის, რომ მოხელე სამუშაო ადგილზე უვადოდ ინიშნებოდა. თუ გამოსაცდელ ვადას არ იყენებ, რაც მხოლოდ ერთჯერადად შეუძლია ადმინისტრაციულ ორგანოს, ადამიანი უვადოდ არის განწესებული. სანამ ეს [ახალი] კანონი ამოქმედდება, სწორედ ასე არიან საჯარო მოხელეები სამსახურში განწესებულები“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი და დასძენს, რომ კანონში შესული ცვლილებები სწორედ ამ ფაქტორებს აზიანებს.

თუმცა, რაისა ლიპარტელიანის თქმით,  იგივე კანონი ითვალისწინებს გარკვეული პირების საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებას, რაც ძალიან მცირე შემთხვევაში გვხდება. მაგალითად, არსებობენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მიბმული არიან პოლიტიკური სახელმწიფო თანამდებობის პირების უფლებამოსილების ვადებთან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ.

როგორც რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საქმიანობის არსი არის ის, რომ მათ თავიანთი უფლებამოსილების შესრულებაში ერთგვარი ტექნიკური დახმარება გაუწიონ თანამდებობის პირებს. საუბარია თანაშემწეზე, მრჩეველზე და ა.შ. დანარჩენი მოხელეები კი უვადოდ არიან განწესებული.

„ახლა მიღებული ცვლილებები მთლიანად ძირს უთხრის ყველანაირ ცვლილებას და შრომით უფლებას. გამოდის, რომ საჯარო მოხელეების ძალიან დიდი სეგმენტი, შუა რგოლის მენეჯერები, რომელთა პოზიციებიც არის ყველაზე საპასუხისმგებლო, ხდება ყველაზე მოწყვლადი კატეგორია, რომელთა უფლებამოსილების ვადა პირდაპირ მიებმება დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას ანუ იძენენ იმ სტატუსს, რაც მანამდე გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს ჰქონდათ.  თან ეს ისე არ არის, რომ, ვთქვათ, ახალ მოხელეებს შეეხებათ, დღეისთვის მოქმედ საჯარო მოხელეებზე გავრცელდება როგორც კი კანონი შევა ძალაში და გამოქვეყნდება”.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, კანონის ამოქმედებისთანავე და ის 1 იანვარს ამოქმედდა, ყველა მოხელე დაუცველია. იმისათვის, რომ შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ეს სტანდარტები დაცული ყოფილიყო, ქვეყანამ სრულიად ახალი კანონები მიიღო ამ მიმართულებებით, რასაც ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებდა.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ გარდა კანონების მიღებისა და აღსრულებისა, ასოცირების ხელშეკრულებას ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა აქვს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ეზღუდება უფლება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გააუარესოს ქვეყანაში არსებული უკვე გაუმჯობესებული სტანდარტები.

„ყველაფერი ბრუნდება 20 წლის უკან“

თუმცა რაისა ლიპარტელიანის თქით, „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებებით არათუ ასოცირების დღის წესრიგიდან გადაუხვია, არამედ მის მიერვე მიღწეულ პროგრესს ხაზი გადაუსვა და ქვეყანა ათწლეულებით უკან დააბრუნა.

„ჩვენ ასეთი ნორმები ჯერ კიდევ 2006 წლიდან გვქონდა შრომის კოდექსში, კახა ბენდუქიძის რეფორმების შედეგად მიღებული სტანდარტები, რომელიც არანაირი დაცვის გარანტიას არ ქმნიდა. დაწყებული თვითონ ევროკომისიიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია იქნებოდა თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტრუქტურა არ იყო დარჩენილი, ვინც ასეთი ნორმები არ გააკრიტიკა. რეალურად 2013 წელს რომ არ ყოფილიყო შრომის კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება ფიზიკურად აქ გვექნებოდა, რადგან ევროკომისიის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო – შრომის სტანდარტები ყოფილიყო დაცული, რაც წლების განმავლობაში სულ დღის წესრიგში იყო“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.

რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ ამჟამინდელი ცვლილებებით,  ქვეყანა შრომითი უფლებების  თვალსაზრისით, არათუ 2006 წლის მდგომარეობას უბრუნდება, არამედ კიდევ უარესი სტანდარტები შემოდის.

„მართლა არ მეგონა, თუ ოდესმე მომიწევდა იმის თქმა, რომ 2006 წელს რომ კოდექსი იყო, იმაზე უარესი რამე არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს. ვგულისხმობ კანონის ჩანაწერს [სამსახურში] აღდგენის შესახებ. მაშინდელი კოდექსი არ ამბობდა, რომ აღდგენა არ შეიძლება, უბრალოდ, პრაქტიკა იყო ასეთი და ფიზიკურად არ გამოდიოდა აღდგენა, რადგან, მაშინ ისეთი შრომის კანონმდებლობა იყო, რომ ფაქტობრივად, დამსაქმებელს ყველაფრის უფლება ჰქონდა. ახლა პირდაპირ ჩაიწერა კანონში, რომ [გათავისუფლების შემდეგ] სასამართლოშიც რომ წავიდეთ, ვიდავოთ [და მოვიგოთ], აღდგენას არ ვექვემდებარებით. ადამიანი წლობით ივლის სასამართლოში, იდავებს, მაგრამ [რომ მოიგოს] სამსახურში ვერ დაბრუნდება და ყველაზე დიდი რაც შეიძლება მიიღოს, სამი თვის კომპენსაციაა“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, მაშინ კანონის დონეზე საჯარო მოხელეები უფრო მეტად იყვნენ დაცული, რაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში უკეთესი სტანდარტებით სარგებლობდნენ. თუმცა მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მათ შორის, განსხვავებული პრაქტიკა არსებობდა, ქვეყანამ ახალი კანონები მიიღო.

„ნაბიჯები გადავდგით, ცოტა წინ წავედით და გაცილებით უკეთესი სტანდარტი მივიღეთ, რომელიც ერთგვარად დამთავრდა 2020 წლის შრომის კანონმდებლობის რეფორმით. ახლა გამოდის, რომ ეს ყველაფერი ბრუნდება ყველაზე ცოტა 20 წლით უკან და კიდევ უფრო გაუარესებული სტანდარტით. რა თქმა უნდა, ეს [ცვლილება] არც ასოცირების ხელშეკრულებას შეესაბამება, პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში და არც არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ პასუხობს“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.

ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანონი არ პასუხობს ასოცირების შეთანხმებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც:

„საჯარო სამსახურში იყო ასეთი ნორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, როცა სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი მაქსიმუმ 3 თვის მოცდენას იღებდა. მაშინ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა და სასამართლომ 2015 წელს არაკონსტიტუციურად ცნო ასეთი ჩანაწერი. ამის მერე, თუნდაც 2018 წლის კონსტიტუციაში, შრომითი და სოციალური დაცვის სტანდარტები გაუმჯობესდა და უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი კონფლიქტშია“.

ის ყურადღებას ამახვილებს ბოლო თვეში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც შეკრება-მანიფესტაციას შეეხება. კერძოდ, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, აქციებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმები იზრდება.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, ეს საკითხიც პირდაპირ ურტყამს შრომით უფლებებს და ასევე პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობას.

„ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე ხან მანიფესტაციებს ვგეგმავთ, ხან გაფიცვაა და ხან რაღაც პროტესტი. ასეთი ცვლილებები, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს ყველანაირი ასეთი გამოხატვის თავისუფლების ფორმებს, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად აისახება ასევე შრომით უფლებებზე. რომ არ ყოფილიყო ეს საჯარო სამსახურის რეფორმა, ისედაც იქით ურტყამდა უკვე ყველა ადამიანს“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები ანომალიურია, განსაკუთრებული ექსპერტობა არ სჭირდება და ეს ევროკავშირის ანგარიშშიც შესაბამისად მოხვდება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე ჩანაფიქრი იყო ის, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა გაგვეკეთებინა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რადგან ეს არის პროცესი, სადაც აქტიურად და მუდმივად დგამ ნაბიჯებს, თუ არადა, მიდიხარ უკან. კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს, რომ სადღაც ვართ და ეს მუდმივად შეგვინარჩუნდება. თუ ჩვენ არ ვიმუშავეთ და პროგრესი არ გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკან მივდივართ, მით უმეტეს, ასეთი დრაკონული კანონმდებლობით და როგორიც თუნდაც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაზეა.

ეს აუცილებლად მოხდება შემდეგ ანგარიშებში. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით მოთხოვნები ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან უფრო ამბიციურია, რადგან ჩვენ უკვე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს და გაფართოების კონტექსტში განვიხილებით“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს,  ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც საქართველოს მოეთხოვება უფრო მეტია, ვიდრე ამას ასოცირების ხელშეკრულება ადგენს.

მისი თქმით, პროფკავშირების გაერთიანებამ უკვე  „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართა ექსპერტიზისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასაც, რომლის სტანდარტებსაც ევროკავშირი ეყრდნობა და ასოცირების ხელშეკრულებაშიც მითითება სწორედ მათ სტანდარტებზეა.

სრულად წაკითხვა