“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობაზე საუბრობს:
“გვაქვს მოცემულობა, როდესაც დღის წესრიგს ქმნის პროტესტი.
ქვეყანა ცხოვრობს პროტესტით და ქვეყანას აცოცხლებს, გეოპოლიტიკურ რუქაზე ტოვებს პროტესტი.
პროტესტი სულ უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხდება, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რომელშიც ადამიანები ერთვებიან არა მხოლოდ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, არამედ უკვე კორპორატიულად.
ყოველი ახალი დღე, არის “ოცნების” რეჟიმის დელეგიტიმაციის ახალი საფეხური, რეჟიმის უფრო ღრმა კრიზისი.
დრო პროტესტზე მუშაობს, დრო მათ ეწურებათ ეს კარგად უნდა გავიაზროთ – თავად დაინიშნეს დედლაინი 20 იანვარი, როდემდეც საკითხი ეგონათ გადაწყებოდა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში დედლაინი არ გვაქვს, ვიბრძოლებთ იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა და ვიბრძოლებთ – გამარჯვებამდე, რომელთანაც ყოველი ახალი დღე გვაახლოვებს.
ვინც ნოსტალგიური განწყობებით და წარსულის მაგალითებით ცდილობს ამ პროტესტს მიმართულება შეუცვალოს ან ანალოგია მოუძებნოს, ვინც ცდილობს ეს ბუნებრივი პროცესი ხელოვნურად ააჩქაროს, ნებსით თუ უნებლიედ… (აღარ დავამთავრებ).
ყველა ვინც ამბობს, რომ მუხტი მცირდება, თავებს ითვლის და არა მიღწეულ შედეგს – ძალიან ცდება.
თუ რამე აწყობს ახლა რეჟიმს, აწყობს ჩვენი პროვოცირება, აჩქარება და შეცდომაზე წამოგება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.