ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა

3 hours ago 2

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიური აკადემიის რექტორად დაინიშნა. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თამარ ბერუჩაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ სამსახურში. ის მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრად, მინისტრის მოადგილედ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრად. ასევე იყო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ბოლოს იყო რუმინეთში საქართველოს ელჩი.

აკადამია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა. მან 8 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“.

კობახიძის თანახმად, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აკადემია მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა აკადემიის მსგავსად, უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა - მათგან 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო.

რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო აღარ აფინანსებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს. ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრათ ის მიმართულებები, რომელთა სწავლებაც შეუძლიათ.

სრულად წაკითხვა