მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რადიო თავისუფლების დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას“.
მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება, და აცხადებს:
„გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“.
სხვა დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ხელისუფლებას მოუწოდებენ, განიხილოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.
მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიწვეულები არ ყოფილან, რის მიზეზადაც რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში ადგილების სიმცირე დაუსახელეს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.
უკვე 32 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.