WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, დაპატიმრებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს და აცხადებს:

„ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 7 სექტემბერს.

„უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან, თუმცა მაინც დასძინა:

„იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას“.

„ცრუ კამპანია“

დამაზუსტებელ კითხვაზე, „ცრუ კამპანიის უკან ვინ დგას“, - სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული კამპანიის „კონსერვატიული ფლანგიდან“, რის უკანაც „ოცნებაში“ მოიაზრებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, - კობახიძემ თქვა:

„ნუ, ფაქტია ხომ, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ“.

კობახიძემ თქვა, რომ ეს არის „კონკრეტული მედიასაშუალება“ - სავარაუდოდ, ასავალ-დასავალი - თუმცა იგი არ დაუსახელებია და ბოლოს თქვა:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე. ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“.

ღარიბაშვილის წერილი და „ასავალ-დასავალი“

1 სექტემბერს ციხიდან გავრცელებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას 12 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით ციხეში შეუგზავნეს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერი, რომელშიც უფლებადამცველად მოხსენიებულ ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუა დაბეჭდილი.

ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ის ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.

ფრაგმენტი „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომრიდან

ფრაგმენტი „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომრიდან

„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“, - წერდა ღარიბაშვილი 1 აგვისტოს წერილში.