შალვა პაპუაშვილი „ბათუმელების“ რედაქტორს ეთერ თურაძეს არ შეხვდა

3 hours ago 1

„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე ამბობს, რომ ჰქონდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.

თურაძის თქმით, სურდა პაპუაშვილისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ეთქვა, რომ შეწყვიტოს მისი გაშავება.

„მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი და ამის გათვალისწინებით, მე დღეს მქონდა მცდელობა შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს, ამ ადმინისტრაციულ შენობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მას დავუკავშირდი მისი თანაშემწის და სხვა პირების საშუალებით, ვცადე დაკავშირება, ასევე მივწერე პირადად მესიჯიც პირად ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. როგორც მითხრეს, კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, არც ჩემს მესიჯზე ჰქონია გამოხმაურება.

რა მივწერე შალვა პაპუაშვილს – მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია, შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი, არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი გაგებით რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი ადამიანი, ქალი, რომელიც არის სინდისის პატიმარი, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი ამ ვერტიკალის. თავიანთ სასამართლოს მაინც დაელოდონ და ისე თქვან, რომ არის მზია დამნაშავე.

შესაბამისად, მე მოვუწოდებ და ვთხოვ, შეწყვიტოს ეს პროცესი, ასევე მზად ვარ იმისთვის, რომ მარტო შევხდე და ავუხსნა დეტალები, რადგან მე ვარ თვითმხილველი ამ ამბის, რაც ხდებოდა იქ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას დაჟინებით ვთხოვ, ასევე სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ შეეშვან მზია ამაღლობელის გაშავებას, ისედაც ძალიან დიდი ქარხანა მუშაობს მზიას წინააღმდეგ და „აცადონ“ ამ ქარხანას, მათი ტროლებისა და ბოტების ქარხანას ვგულისხმობ, მზიას გაშავება, თვითონ თავი შეიკავონ“, – განაცხადა ეთერ თურაძემ.


პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი  დაკავების დღიდან შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
სრულად წაკითხვა