შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს

2 weeks ago 14

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე, ყოფილ ტვიტერზე.

„ნება მიბოძეთ, ცხადად განვაცხადო: უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისადმი, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს არათუ დაუახლოვეს, არამედ დააშორებს ევროკავშირს“, - წერს შარლ მიშელი.

უცხოეთის გავლენის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.

სხვა მხრივ კანონპროექტი უცვლელია.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

კანონპროექტს გამოეხმაურა კრემლიც. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა… აქ საჭიროა უბრალოდ უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასების მოსაზრების მომზადება დაჩქარებული წესით.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცების საპირისპიროდ, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

სრულად წაკითხვა