შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა

3 hours ago 3

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 დღით გააუქმა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ ათლწეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 ივნისს გასცა ლიცენზია, რომლის საფუძველზეც 21 აგვისტომდე ნებადართულია ირანული ნავთობის შეძენა, ტრანსპორტირება, საბანკო მომსახურება, დაზღვევა და შესაბამისი ანგარიშსწორება ამერიკული დოლარით.

ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში პროდუქტიული მოლაპარაკებისას ირანმა აიღო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა დაშვების ვალდებულება და შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი, 60-დღიანი ლიცენზია.

ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა პირველი ნაბიჯი ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად. ის ითვალისწინებს დროებითი ლიცენზიის გაცემას, სანამ საბოლოოდ გადაწყდება ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების საკითხი.

სანქციების დროებით შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადება ირანთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ.

ვენსმა, რომელიც 21 ივნისს შვეიცარიაში ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ირანთან მოლაპარაკების მთავარ რაუნდზე, 22 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია და ირანი დასთანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მიღებას, რაც პირველი ნაბიჯია ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ შესაწყვეტად.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაის კომენტარი, რომ თეირანს არ აუღია ახალი ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის და ის გაგრძელდება ირანის პარლამენტის და უსაფრთხოების საბჭოს ადრინდელი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ირანის ხელისუფლებამ სააგენტოსთან თანამშრომლობა 2025 წლის ზაფხულში შეზღუდა და ბირთვული ობიექტების ინსპექტირებაზე უარი უთხრა. თუმცა, სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა სრულად არ შეუწყვეტია.

სრულად წაკითხვა