„შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა... უნდა გადაუღოთ ფოტო ან ვიდეო და გვაცნობოთ“ - შავ ზღვაში საშიში თევზი გამოჩნდაბიოლოგიის დოქტორი, არჩილ გუჩმანიძე საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს თევზზე, რომელიც შავ ზღვაში გამონდა.

„შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს (რომლისგანაც ცნობილი იაპონური წვნიანი მზადდება) ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) მოპოვების ფაქტები, ესაა ტოქსიკური თევზი, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას.

ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით შევიდა და 2014 წლიდან შავ ზღვაში გამოჩენაც დაიწყო.

ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინი, რომელიც ტეტრაოდონის სხეულშია. ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ.

გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში შავი ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება.

კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.

მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ უცნობ თევზს აღმოაჩენთ, უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწეროთ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და გვაცნობოთ. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში დაეხმარება“, – წერს მეცნიერი.