WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში, უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის ვერსიით, რაც სასამართლომაც გაიზიარა, 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ხუნდაძეს თანამდებობა ეკავა და საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა, გოგიჩაიშვილმა მას ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოტანაში დახმარება სთხოვა.

„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვლადიმერ ხუნდაძე და მისი ძმა, კობა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კობა ხუნდაძეც ბრალდებულია. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გარეთაა.