WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე, - სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, - დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2025 წლის წლის 31 ოქტომბერს აღიძრა. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

  • ზაზა ხუნდაძე 2026 წლის იანვარში დააკავეს - პოლიციაში გამოცხადების შემდეგ, რასაც მისი ძმის, კობა ხუნდაძის გირაოთი გათავისუფლება მოჰყვა.
  • მანამდე ადვოკატი აცხადებდა, რომ ზაზა ხუნდაძემ არ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იყო და სამკურნალოდ წავიდა თურქეთში.

პატიმრობის ვადის ათვლა სწორედ იანვრიდან დაიწყება. სავარაუდოდ, ის საპატიმროს 2027 წლის აგვისტოში დატოვებს.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, - რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბერს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძის მეჯვარეა. ისინი კურსელები იყვნენ.

ეს გორის „ყალბი სასმელების“ საქმეა

პროკურატურის განცხადების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • ვლადიმერ ხუნდაძე 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას;
  • მას პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, - რომელიც „თანამზრახველებთან ერთად“ გორში უკანონოდ ამზადებდა თითქოსდა ცნობილი ბრენდების გამოშვებულ ვისკისა და არაყს;
  • ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად, „გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, - რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა“;
  • „ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ“.