„არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითო, ან ისე ქენი, ან ასე ქენი, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი, ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება - იმ მტკიცებულებების ფარგლებში, შესაძლებელი არის პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით“, - განაცხადა მან.
ლევალ იოსელიანმა 17 იანვარს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ასევე განაცხადა, რომ „არ ამართლებს“ პოლიციელზე დარტყმას, თუმცა თქვა, რომ გასათვალისწინებელია კონტექსტი:
„ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, - რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო, როგორც იყო, არ არის აუცილებლობა, ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, - განაცხადა მან.
„ქალბატონი მზიას მიმართ იქნა გამოყენებული ყველაზე მძიმე ღონისძიება, პატიმრობა. ამაზე მოვამზადეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და ქუთაისის [სააპელაციო] სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით შეისწავლოს მტკიცებულებები პროკურატურამ, რომელზე დაყრდნობითაც ვთვლით, რომ [ისინი] არ არის საკმარისი, რათა პატიმრობა იქნას გამოყენები მის მიმართ. შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო, შეთავაზებული იყო ამ ადამიანის პიროვნების გათვალისწინებით, - რომ ქალია, რომ ყველა იცნობს, მისი მიმალვის საფრთხე, ჩვენი მოსაზრებით, ბევრად უფრო ნაკლები და შესაძლებელია, ეს არ იყოს პატიმრობა“.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, თვლით თუ არა, რომ მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება“, როდესაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა:
დამაზუსტებელ კითხვაზე, - „ანუ უსამართლოა ეს გადაწყვეტილება“? - იოსელიანმა, რომელსაც რომელსაც ბოლო პერიოდში პრო-ევროპული დემონსტრაციების მონაწილეები აკრიტიკებენ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შესახებ ფრთხილი და ნაკლებად მკაფიო განცხადებების გამო, ასე უპასუხა:
„იცით, რა არის? დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რაც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას, ჩვენი აზრით. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“.
ტელეწამყვანმა მას ასევე ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია მისდამი არაადამიანურ მოპრყობაზე, - როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, ამაღლობელი ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.
„როგორც კი ვნახეთ, გვქონდა ამაზე რეაგირება. მივწერეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ეს ეპიზოდი, ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი, სრულიად წარმოუდგენელია და ყველა საზღვარს მიღმაა“, - თქვა იოსელიანმა.
მზია ამაღლობელი, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე „თავდასხმას“ ედავებიან. პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს გაიზიარა პროკურატურის შეუამდგომლობა, რომლის თანახმადაც „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე და მას პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, 35 წლის მოსამართლემ, რომელსაც, საია-ს ადვოკატის, პაატა დიასამიძის თქმით, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ“.
ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ბათუმსა და თბილისში, - პოლიციასთან, პროკურატურასთან, საზოგადოებრივ მაუწყებლებთან, - საპროტესტო აქციები იმართება ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით.
ცნობილი სახეები - ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები - ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
მზია ამაღლობელის შემდეგ დააკავეს ამავე გამოცემის თანამშრომელი, რეპორტიორი და ოპერატორი გურამ მურვანიძე - ადმინისტრაციული წესით.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) 17 იანვარს გარვცელებულ განცხადებაში მოუწოდებს საქართველოში პასუხისმგებელ პირებს, რომ „გაათავისუფლონ რეპორტიორი გურამ მურვანიძე და გამოიკვლიონ, ხომ არ ემუქრება მზია ამაღლობელს პასუხისგება შურისმაძიებლურად მისი ჟურნალისტობის გამო“.
ორგანიზაციის თანახმად, ამაღლობელის დაპატიმრება „აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ მისი გასამართლება გამოყენებულია მისი დაფუძნებული გამოცემების გაჩუმების მიზნით“.