შესაძლოა უკეთესი ვარიანტიცაა - "ჩელსი" მუდრიკს "დორტმუნდიდან" ანაცვლებს

2 weeks ago 7

ლონდონის "ჩელსი" მზადაა მიხაილო მუდრიკი ახალ ტალანტში გაცვალოს — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, უკრაინელ ვინგერს ჯეიმი გიტენსი ჩაანაცვლებს. ინგლისელი ვინგერი გერმანულ "დორტმუნდს" ტოვებს და ძველ კლუბში, "ჩელსიში" ბრუნდება, რომლის აკადემიაშიც თავის დროზე პირველი საფეხურები გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს — ჩელსი გიტენსის სანაცვლოდ დაახლოებით 60-65 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი 7-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილია, ინგლისელი უკვე გზაშია სამშობლოში, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და კონტრაქტზე ხელი მოაწეროს.

აღსანიშნავია, რომ ჩელსი ახალგაზრდა ტალანტის დამატებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ცდილობდა, თუმცა მაშინ დორტმუნდი მოლაპარაკებებს არ დათანხმდა. საბოლოოდ, ფეხბურთელის პრიორიტეტი სწორედ "ჩელსი" იყო, რაც გარიგების წარმატებით დასრულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც გახდა — მიუხედავად იმისა, რომ გიტენსით "ბაიერნიც" იყო დაინტერესებული.

20 წლის შემტევი კარიერის ადრეულ ეტაპზე ჩელსის აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა 2018 წელს "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში გადავიდა, ხოლო 2020 წლიდან უკვე დორტმუნდის პირველ გუნდში დამკვიდრდა. ბორუსიელთა მაისურით ჯეიმიმ 106 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა.

სრულად წაკითხვა