"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა საკმაოდ აქტიური იყოს. ფრანგული გრანდი უკვე გეგმავს შეტევის ხაზის გაძლიერებას და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ "დორტმუნდის" სენეგალელი ფორვარდი სერუ გირასი განიხილება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild იუწყება.
პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, 29 წლის გირასი კლუბის შეტევის ხაზის გაძლიერებისთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნია. სენეგალელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 33 გოლის გატანასა და 6 ასისტს მიაღწია. ეს მაჩვენებლები მას ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ თავდამსხმელად აქცევს.
გირასის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი თანხის პუნქტი — 70 მილიონი ევრო, თუმცა ეს მხოლოდ გარკვეულ კლუბებზე ვრცელდება. ჩამონათვალში შედიან ისეთი გრანდები, როგორიცაა: "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "ჩელსი" და "არსენალი". "პსჟ" ამ სიაში არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზულ კლუბს საჭირო იქნება მოლაპარაკებების გზით ფასზე შეთანხმება დორტმუნდთან.
მიუხედავად პსჟ-ის ინტერესისა, თავად გირასი ტრანსფერს ამ ეტაპზე არ ითხოვს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი კმაყოფილია "დორტმუნდში" ყოფნით და მზად არის გერმანულ კლუბში დარჩენისთვის, რაც "პარი სენ-ჟერმენს" მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო ურთულებს.