ზუსტად 10 დღეში ქართული რაგბი შიდა საკლუბო სეზონს (2025/26 წლების) იწყებს და პირველად მოედანზე დუბლშემადგენლობების წარმომადგენლები გავლენ.
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი სეზონიდან დუბლების ჩემპიონატში ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდა - 23-წლამდე.
ცვლილებები დაფუძნებულია ადგილობრივ მოთამაშეთა მონაცემებზე. ასევე გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და შედგა კონსულტაციები კლუბებთან.
დუბლების ჩემპიონატში მომავალ სეზონში 2003–2007 წლებში დაბადებული მორაგბეები ითამაშებენ, თუმცა თითოეულ მატჩზე გუნდებს შეეძლებათ უფროსი ასაკის 5 მოთამაშის დამატება. კაცთა და დუბლებში მონაწილე კლუბმა საშეჯიბრო განაცხადში უნდა დაარეგისტრიროს მინიმუმ 50 მოთამაშე - აქედან მინიმუმ 27 მოთამაშე 23-წლამდე ასაკის. ასევე საერთო განაცხადში უნდა იყოს მინიმუმ 10 პირველხაზელი - აქედან მინიმუმ 4 23-წლამდე ასაკის.
ნებადართულია ორმაგი რეგისტრაცია: თუ კლუბს არ გამოყავს 23-წლამდე გუნდი, მის მოთამაშეებს აქვთ უფლება დაემატონ სხვა კლუბის 23-წლამდელთა გუნდს, თუმცა კაცთა გუნდში თამაშის უფლება მხოლოდ საკუთარ კლუბში ექნებათ.
ამრიგად, მოთხოვნები დააკმაყოფილეს და დუბლების ჩემპიონატს იწყებენ შემდეგი კლუბები (10): თბილისის ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხვამლი’, ‘არმია’ და ‘ლოკომოტივი’, ბათუმის ‘ბათუმი’, ქუთაისის ‘არესი’, ბოლნისის ‘სტუ ყოჩები’, რუსთავის ‘ხარები’, პატარძეულის ‘ვეფხვები’ და ფოთის ‘ფოთი’.
პირველი თამაშები 30 აგვისტოს ჩატარდება ‘ფოთი’ ‘ლელოს’ უმასპინძლებს, ‘ლოკომოტივი’ ‘ბათუმს’, ხოლო ‘ვეფხვები’ ‘არესს’ დაუხვდება. პირველი ტურის კიდევ ორი შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება: ‘არმია’ ‘ყოჩებს’, ‘ხარები’ კი ‘ხვამლს’ შეერკინება.
RUGBY.GE