შიდა ქართლის პოლიციას სერგი ბზიშვილი აღარ ხელმძღვანელობს – შსს

1 hour ago 3

პოლკოვნიკი სერგი ბზიშვილი შიდა ქართლის პოლიციას აღარ ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას რამაზ თათარაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც იქმადე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ბზიშვილს, ის მუშაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

სწორედ ბზიშვილი იყო შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, როცა გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს მოქალაქეებზე, პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. შემთხვევა 1 თვის წინ, 27 მაისს მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.

სამსახურიდან შესვენებაზე გასული ლოცულაშვილს გზად პოლიციის ეკიპაჟი შეხვდა. როგორც ლაშა აბისონაშვილი ამბობს, პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“, რასაც ჯერ შელაპარაკება, შემდეგ კი მასზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. შსს-ის პოზიციაა, რომ ლოცულაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას და შელაპარაკება სწორედ ამას მოჰყვა. უფრო მეტიც, შს მინისტრის მოადგილის, დიდი ბრიტანეთს მიერ დასანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა “ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა”.

საქმეზე 6 პოლიციელი დააკავეს, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ესენი არიან 22 წლის ვლადიმერ გოდერძიშვილი, 24 წლის ვანიკო მისირელი, 35 წლის გიორგი ზაკო წკრიალაშვილი, 36 წლის ალექსი ბადალოვი, 34 წლის ბესო მალაციძე და 19 წლის საბა წაველიძე.  მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

მომხდარში პოლიციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ ვერც სულხან თამაზაშვილი და ვერც კობახიძე. ამ უკანასკნელს ჟურნალისტმა უშალოდ სერგი ბზიშივილის პასუხისმგებლობაზე დაუსვა კითხვა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ “ვინაიდან ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე”.

“კონკრეტულ რეგიონში რაღაც თუ ხდემა სისტემატურად, თუ არის რეციდივი, განმეორება და ა.შ. მაშინ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, მაგრამ ვინაიდან ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა