WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავშესაფარში გადაღებული კადრები “კონტექსტიდან ამოგლეჯილად” გავრცელდა, რაც მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სააგენტოს განმარტებით, ვიდეოს გადაღების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი.

მოქალაქე მარიამ ცერცვაძემ დღეს გაავრცელა სააგენტოს ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ხვალისათვის გორში სააგენტოს მიმდებარედ საპროტესტო აქციაც ჩაინიშნა.

“გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები”, – დაწერა მარიამმა.

სწორედ საზოგადოების მძაფრის რეაქციის შემდეგ გაავრცელა განცხადება სააგენტომ. უწყება ყურადღებას ამახვილებს რეგიონში ცხოველების მიტოვების საგანგაშო ტენდენციაზე. განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ფაქტები, ყოველდღიურად ათობით დედის გარეშე დარჩენილი ლეკვი ხვდება სააგენტოში, რომლებსაც მოქალაქეები ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ.

„ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა… ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა,“ — აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, არ მიატოვონ ოთხფეხა მეგობრები და დროულად უზრუნველყონ მათი რეგისტრაცია და სტერილიზაცია/კასტრაცია.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს გაშვილების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს თავშესაფარში ვიზიტს სთავაზობს. ცხოველის აყვანის შემთხვევაში, შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ, სააგენტო ამბობს, რომ მის უფასო სტერილიზაციასა და ვაქცინაციას საკუთარ თავზე იღებს.

სამოქალაქო აქტივისტებმა თავად წამოიწყეს კამპანია ლეკვების გადასარჩენად. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ აიყვანონ ლეკვები და იზრუნონ მათზე.