შიო III-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის რანგში პირველად იქადაგა

59 minutes ago 2

პატრიარქმა შიო III-მ 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსაყდრების შემდეგ გამართულ თავის პირველ ქადაგებაში, თანამედროვე გამოწვევებში ეკლესიის როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ეკლესიის კარის ყველასთვის „ფართოდ გაღებისკენ“ მოუწოდა.  

ქადაგებას „ქართული ოცნების“ ლიდერები და უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა შიო III-მ ჩუმად იკითხა ჩართულ მიკროფონში, კვლავ ტაძარში იმყოფებოდა თუ არა „ბატონი ბიძინა“, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, რომელიც აღსაყდრების ცერემონიას დაესწრო. როგორც ჩანს, მას აცნობეს, რომ ივანიშვილი უკვე წავიდა, რის შემდეგაც მან ქადაგება ტაძარში მყოფი „ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების მისალმებით დაიწყო.

ქადაგებისას პატრიარქმა თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე ისაუბრა.

„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს“, – აღნიშნა მან. „ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს“.

„ამიტომ, ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად“, – განაცხადა პატრიარქმა შიო III-მ.

შემდეგ მან ახალგაზრდობასა და მომავალ თაობებზე ისაუბრა. „ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი, ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე, ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.

„ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით განმსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პატრიარქმა.

წინამორბედებისადმი პატივისცემაზე საუბრისას, შიო III-მ განაცხადა, რომ ახლა განსაკუთრებით გრძნობს, „რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის“ გზა. მისი თქმით, „როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს“, მართებთ გაუფრთხილდნენ „მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა“.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ხალხს და მრევლს ლოცვისა და თანადგომისთვის და სთხოვა მათ: „ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა