შობა დღეს რუსეთმა მასშტაბური დარტყმები განახორციელა უკრაინაზე, ბაიდენი გამოდის კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების პირობით

12 hours ago 2

25 დეკემბერს რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევები განახორციელეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა "არაადამიანური თავდასხმა" კრემლის ძალების მხრიდან. ასი ათასობით მოსახლე სიცივეში გათბობის გარეშე დარჩა, კიევში ბევრგან გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება.

"დღეს [რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ] პუტინმა საგანგებოდ შეარჩია შობა დღე თავდასხმისთვის" - თქვა ზელენსკიმ 25 დეკემბერს და დასძინა, რომ მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს ელექტროენერგიის გათიშვას მთელი უკრაინის მასშტაბით.

"რა შეიძლება იყოს უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი თავდამსხმელი დრონი" - დასძინა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა "მასშტაბური თავდასხმა" განახორციელეს ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე, რომლებიც ამარაგებდა უკრაინის "სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს".

"თავდასხმის მიზანი მიღწეულია. დარტყმა ყველა ობიექტზე განხორციელდა" - ამბობს სამინისტრო განცხადებაში.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი - რომელიც ოფისს 20 იანვარს დატოვებს - გამოვიდა უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფის დაპირებით.

"შობა დღეს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ქალაქების და ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუშვა რაკეტების და დრონების ტალღები" - ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

"ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო უკრაინის ხალხისთვის გათბობაზე და ელექტროენერგიაზე წვდომის წართმევა ზამთარში და ძირის გამოთხრა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენის თქმით, "აშშ-მა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა, მანამ, სანამ ის ტრიუმფს მიაღწევს რუსეთის აგრესიაზე".

"თავდაცვის სამინისტროს დავავალე გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა, და აშშ დაუღალავად იმუშავებს უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად თავდაცვაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ" - დასძენს ბაიდენი.

სრულად წაკითხვა