შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები

2 weeks ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 5 დეკემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას.

დიმიტრი ჩიქოვანი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გუშინ საღამოს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

ის წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი სახელი და გვარი სწორედ დიდი საპროტესტო ტალღების დროს ახსენდება. ხელისუფლება კი მის სახლში ეძებს იმას, „რაც უბრალოდ არ არსებობს“:

„ივანიშვილის რუსული ძალოვანი სტრუქტურები მდევნიდნენ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის, პოლიტიკური კუთვნილებისა და ნათესაური კავშირის გამო.

ყველას კარგად ახსოვს 2024 წლის 8 მაისს ჩემს სახლთან მომხდარი თავდასხმა, სადაც ოცნების ტიტუშკებმა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს - დღემდე არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი!

დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის ომონი, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ არ არსებობს!

ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება.

მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო“, - დაწერა 5 დეკემბერს დიმიტრი ჩიქოვანმა.

შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“.

ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მეცხრე დღეა თბილისა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

რუსთაველის გამზირზე, პირველი ექვსი ღამის განმავლობაში, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

დაკავებულებს სამართალდამცავები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მძიმე დაზიანებები მათ ეტყობათ როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

სრულად წაკითხვა