სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების და ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.
„ტვ პირველის“ ცნობით, მას დაუკავშირდნენ მშობლები, რომლებმაც უთხრეს, რომ 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან საგარაჯოში მცხოვრები არასრულწლოვნებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებს და 10 000 ლარს ითხოვს. მშობლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ან პოლიციას შეატყობინებენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრება. მათივე განცხადებით, უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„4 დღეა, ამ ქაოსში ვართ, ბავშვები ისეთი დასტრესილები არიან, დაკეტეს ყველაფერი, გააუქმეს, სახლიდან აღარ უშვებენ მშობლები. ყოველ საღამო ველოდებით, რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი და უსაზიზღრესი რაღაცები დაწეროს. ფოტოები რომ აღარ გამოაქვეყნოს, ითხოვს 10 ათასს, რესტორან კარიბჭესთან დადეთ, 100 ლარიანი კუპიურებითო. 112-ში დავრეკე ჯერ, რადგან მანამდე 3 მშობელი იყო მისული და განცხადება არ დააწერინეს, ჩვენო ისნტაგრამზე წვდომა არ გვაქვსო, დარწმუნებულია, რომ პოლიცია ვერ შეეხება, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ტვ პირველთან“.

6 hours ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·