WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება) მუხლებით მიმდინარეობს.

32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუავა შენობაში ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა. მაშინ ბუავას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა.

ბუავა 2021 წლიდან „ტიკტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ბუავას ვიდეოები აზიანებდა „აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

ვინ იყო დაურ ბუავა, რომელიც აფხაზეთში „მოღალატედ“ გამოაცხადეს