სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს დასაჯარიმებლად ან ადმინისტრაციული წესით დასაკავებლად, იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდისტებს შეაგინა ფეისბუკზე ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.
ამის შესახებ რაზმაძე ფეისბუკზე გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს.
საუბარია პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ერეკლე მეფე “მუხლებზე დაჩოქილი” ეხვეწებოდა რუსებს დახმარებისთვის. რაზმაძის თქმით, სწორედ ამის გამო შეაგინა მას და ვლადიმერ სოლოვიოვს.
ამ გინების გამო კი შსს-ს მისი დაჯარიმება ან ადმინისტრაციული დაპატიმრება სურს.
რაზმაძის წინააღმდეგ ოქმი შსს ინსპექტორმა მარიამ მამარდაშვილმა შეადგინა.
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ის საზოგადოებაში „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს სახელითაა ცნობილი. როგორც თავად სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვილმა განმარტა, „სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა“. მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო ათობით ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო მაგალითად „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პირველი იყო, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
netgazeti