წაკითხვა: 1
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სახანძრო მანქანას წყალი იძულებით დააცლევინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
“საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე “ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.
ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას. ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცლიან სახანძროს მანქანას წყლისგან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ეს წყალი განკუთვნილი იყო სპეცრაზმის მანქანის მოსამარაგებლად, თუმცა, სახანძროს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად წყლის რეზერვუარი დაცალეს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს