„შურისძიება“ – მოთხრობა

1 month ago 40

„შურისძიება“ - მოთხრობა„სარკე“, მზია ბლუაშვილი-ლომსაძე

ეზოს კარში ძონძებადქცეულმა მათხოვარმა შემოყო თავი და ხმამაღლა დაიძახა:

– ხაზეიკა, ხაზეიკა!

ნანამ ფანჯრიდან გაიხედა.

– ახლავე! ვინ ხართ?

ამ დროს პატარებმა წამოიტირეს.

– დაწყნარდით, ჩემო პატარებო, მე ჩქარა დავბრუნდები, – მიეფერა ტყუპებს და ეზოში ჩავიდა.

– იქნებ რაიმეთი დამეხმაროთ, საჭმელი, ჩასაცმელი, სულ ერთია. სახლში შვილი მიკვდება შიმშილით, – ამოიკვნესა მათხოვარმა და ცრემლები გადმოსცვივდა.

ნანამ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. მართლა ძალიან საცოდავი იყო, დაკონკილი ეცვა ყველაფერი. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. “ღმერთო, რა გაჭირვებულია!” – გაიფიქრა.

– სარდაფს გავაღებ და გაგატანთ საჭმელს.

მეორე სართულიდან გასაღები ჩამოიტანა და სარდაფში ჩავიდა. პაკეტებში გადაანაწილა ზამთრიდან შემონახული მარაგი, ცოტა-ცოტა ყველაფერი. ეზოში რომ გამოვიდა, ქალი იქ აღარ დახვდა. პაკეტები იქვე მიაყუდა და გარემო მოათვალიერა, მაგრამ მათხოვარი არსად ჩანდა. “ალბათ აღარ დამელოდა, იქნებ დაბრუნდეს”, – გაიფიქრა ნანამ.

ამ დროს ტირილის ხმა მოესმა. კიბეზე სირბილით აირბინა.

– მოდის დედიკო, ჩემო პაწაწუნებო, მოდის! აბა, ვის უფრო მოენატრა დედა? ვნახოთ, – ნანა საწოლისაკენ დაიხარა.

იქ მარტო ალექსანდრე იწვა და ტიროდა. “მარიამი, მარიამი სადაა? ღმერთო ჩემო!” – სასოწარკვეთილმა ოთახები შემოირბინა.

– რეზი, შენ მეხუმრები? მეშინია, გამოჩნდი, თორემ გავგიჟდები!

მაგრამ რეზი რას გამოჩნდებოდა. გაოგნებულმა ქალმა კივილი მორთო, მთელი ქუჩა ფეხზე დადგა, რეზიც გულგახეთქილი მოვარდა სამსახურიდან, პოლიციაც ჩქარა მოვიდა, მაგრამ იმ მათხოვარი ქალის და ბავშვის ადგილსამყოფელს ვერსად მიაგნეს.

რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციამ მტკვრის სანაპიროზე გამორიყული ბავშვის სახვევები და მათხოვრის ძონძები იპოვა. ჩათვალეს, რომ ისინი, ორივე, წყალში დაიხრჩვნენ, ოღონდ – რა ვითარებაში, არავინ იცოდა. გვამების ძებნაც უშედეგოდ დამთავრდა. გაუბედურებულ მშობლებს ალექსანდრე დარჩათ იმედად. მთელი ცხოვრება არ ასვენებდათ კითხვა: “რატომ? რისთვის?”.

21 წლის წინ

დილიდანვე N სამშობიარო სახლში რაღაც განსხვავებული ფუსფუსი იყო, ყველა განსაკუთრებული ინტერესით იყო დაკავებული. საავადმყოფოს მეორე სართულზე კი უფრო მეტი ხალხმრავლობა იყო. ამ ვითარებას ბავშვთა განყოფილების გამგის, ნანას მშობიარობა იწვევდა. ამავე სამშობიაროში მუშაობდა მისი მეუღლე, რეზი გამგებელი, მეან-გინეკოლოგი იყო და სამეანო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მათ 6 წელი შვილი არ ჰყავდათ. უფალზე იყვნენ მინდობილი. ახლა კი ნანა მშობიარობდა. მაღალი წნევის ფონზე ჰქონდა ტკივილები. რეზი თავით უჯდა ნანას და ანუგეშებდა. მორიგე ექიმი ნინო კი წამით არ შორდებოდა.

– მე გავალ, ნინო, ცოტა ხნით და აბა, შენ იცი, – მხარზე ხელი გადაუსვა რეზიმ ნინო ექიმს.

– გადი, რეზი, ყველაფერი, ხომ იცი, კარგად იქნება. ჩქარა ყურებს აგიწევ.

ის იყო, ნანა ბლოკში გაიყვანეს, პირველი სართულიდან, მიმღები განყოფილებიდან ექთანი ამოვიდა.

– ნინო ექიმო, მძიმე მშობიარე მოიყვანეს, იქნებ გენახათ რამდენიმე წუთით?

– არა, ლალი, ნანას წამით ვერ დავტოვებ, მშობიარობა დაეწყო უკვე. არავინაა ექიმი? წნევა გაზომე, ისტორია შეავსე და მეც ჩქარა ჩამოვალ…

რამდენიმე მწარე შეტევის შემდეგ პატარას ხმაც გაისმა.

– ბიჭია, რეზი, ბიჭის მამა ხარ!

რეზი ბლოკში შევიდა დაბნეული. თითქოს პირველად ხედავდა ამ სიტუაციას, ლაპარაკის უნარი დაეკარგა. ჯერ ნანას ჩაეხუტა, მერე პატარას მოუთათუნა ხელი.

– ისევ მტკივა, – ამოიკვნესა ნანამ. კვლავ შეტევა დაეწყო.

– ხომ ვამბობდი, ორის სუნთქვა ისმის-მეთქი.

5 წუთში გოგონა დაიბადა. ორივე ბავშვს მკლავზე ერთნაირი ნიშნები ჰქონდათ. ოფლში გაწუწული ნანა აზრზე ვერ მოსულიყო, რამდენად ბედნიერი იყო. სიხარულზე ვერ რეაგირებდა, უნდოდა, ამ შენობიდან რაც შეიძლება ჩქარა წასულიყო თავის შვილებთან ერთად.

უკან დარჩა ტკივილიანი დღეები. ორი შვილით ხელდამშვენებული ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდნენ.

დეიდა თამარ, ნინო ნადირაძე შემოვიდეს ჩემთან, გადაეცით, ეს სასწრაფოა.

სანიტარმა ცოცხი და ტილო საშხაპეში შეიტანა და დერეფანში გაუჩინარდა. ცოტა ხანში განყოფილების გამგის კარი ნინო ექიმმა შეაღო.

– ხომ მშვიდობაა, ბატონო რეზი?

– ნაწილობრივ, ნინო, ნაწილობრივ, დაჯექი, უნდა დავილაპარაკოთ. საიდან დავიწყო, არ ვიცი, ტვინი ამომიტრიალდა ფიქრით. საჩივარია შემოსული სამშობიარო სახლზე, თქვენზე, ნინო და ალბათ ჩემზეც და რა ვიცი, ალბათ ყველაზე. იმ დღეს, როცა ჩემი პატარები დაიბადნენ, საავადმყოფოს მოაკითხა მშობიარემ, მორიგე ექიმის დაგვიანების თუ არგამოცხადების გამო ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, გადაწყვიტეს, მშობიარე სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ გზაში დაიღუპა. ექიმების გულგრილობას დაღუპულის პატრონები ეროვნების ჩაგვრით ხსნიან. პაციენტი ქურთი ეროვნების იყო. ნინო, შენ იცოდი, რომ ქვემოთ მძიმე მშობიარე გელოდებოდა?

– კი, რეზი, ექთანმა მითხრა, ამოვიდა და მე დარიგებები მივეცი. როცა ნანას მივხედე, მერე ჩავედი და იქ აღარავინ დამხვდა. სიმართლე რომ გითხრათ, ბატონო რეზი, არ მესიამოვნა რაღაც ეს ამბავი მაშინვე, მაგრამ იმდენად ვიყავით თქვენი სიხარულით ჩვენც გახარებულები, გამოგვრჩა რაღაც. რა არის პროგნოზი, ხომ ვერ მეტყვით?

– ჯერ ვერაფერს გეტყვი, ნინო, რადგან მე და გელა დანელია დღეს სამინისტროში ვართ დაბარებული.

თავდახრილი ნინო ჩუმად იჯდა კიდევ ცოტა ხანი კაბინეტში, მერე ოთახიდან უხმოდვე გავიდა და მძიმედ აუყვა კიბეებს მესამე სართულზე, გელა დანელიას კაბინეტისაკენ.

მთავარ ექიმ დანელიას უკვე ყველაფერი აწონდაწონილი ჰქონდა, ნინოს კი უსაყვედურა, მაგრამ ბოლოს მაინც დააიმედა.

– ჯონი მიცოცხლოს ღმერთმა დიდხანს, ჩემი ჯონი დარასელია და მოუგვარებელი არაფერი მექნება.

ლექსო, სად ხარ? არ გესმის ტელეფონის ხმა?

ნანა მისაღებ ოთახში გავიდა, არავინ იყო, ტელეფონი არ ჩუმდებოდა. მერე ეზოში გაიხედა, ლექსო ჩაცუცქულიყო და ძაღლს ეთამაშებოდა.

– ლექსო, ტელეფონი არ ჩერდება, ჩამოგიტანო?

– არა, დე, მოვდივარ უკვე… ხომ იცი, მაგას რომ არ მოვფერებოდი, ალბათ გაგიჟდებოდა, აიკლო ეზო წკმუტუნით.

მერე აიღო ტელეფონი და დარეკა.

– ხო, სად ხარ, ლექსო, “გადაგვრიეს ფიქრებმა”.

– 20 წუთში გამოვალ.

– კარგი.

– რა ხდება, შვილო?

– არაფერი, გალიდან არიან ჩამოსული სიუჟეტის თაობაზე, ახლა მოვითათბირებთ, როდის წავიდეთ, მაგარი რაღაც გამოგვივა.

– მერე საშიში არაა აფხაზეთთან ახლოს?

– რა საშიში… თუ ცოტა არ გარისკე, რა გამოვა, აბა, მითხარი.

– ვინ მოდიან კიდევ?

– მე, ლაშა, პაატა, ნეკა, თეკო… ხო, თეკოს არ იცნობ შენ, დედი, თეატრალურიდან გადმოვიდა და ეგრევე “ჩაგვისასტავდა”, მაგარი ხუჭუჭაა ჩემსავით, პატარა კარკუშას ვეძახი, სულ ვაწვალებ, ის კი ბეკეკასავით კიკინებს. წავედი მე, მაგვიანდება, – ჩაეხუტა დედას, აკოცა და კიბე ჩაირბინა.

ნანა აივნიდან გასცქეროდა თავის ერთადერთ შვილს, მომავალ ჟურნალისტს. “რა ბობოქარი სული აქვს, – გაიფიქრა გულში, – ვაჟკაცური”.

ლექსო არ მოსულა, ნანა? – იკითხა საღამოს შინ დაბრუნებულმა რეზიმ.

– არა, დღეს გვიან წავიდა.

– არც დაურეკავს?

– არა, არ დაურეკავს… რა იყო, ასე არ ხდება ხოლმე?

– მომაწოდე ტელეფონი… სად ხარ, შვილო, გვიანია უკვე.

– ბარში ვართ, მამა, მეგობრებთან ერთად, არ დავიგვიანებ. ხომ მშვიდობაა?

– არა, სალაპარაკო მქონდა რაღაც.

რეზის უნდოდა, ლექსოს გადაწყვეტილება შეეცვალა სიუჟეტის გაკეთების თაობაზე, მაგრამ ისიც იცოდა, თუ რამეს იტყოდა მისი შვილი, ვერაფრით გადააფიქრებინებდა.

– ნანიკოო, აბა, რითი გამიმასპინძლდები?

– წვნიანიც მაქვს და კოტლეტებიც გარნირით.

– ყველაფერს შევჭამ, ჩემო კარგო, ყველაფერს გავსინჯავ.

ცოლ-ქმარი სამზარეულოში გავიდნენ და მაგიდას შემოუსხდნენ.

– დაბადების დღეზე რა თქვა, ნანა? არ დაიწყოს ახლა, ბარში აღვნიშნავ მეგობრებთანო. უთხარი, რომ აქ ყველაფერს გავამზადებთ და, ვინც უნდა, ის დაპატიჟოს.

– ხო, რეზი, შენ წინასწარ ნუ ბობოქრობ, მოვა და ხვალ დაველაპარაკები. ისე მე მაგზავნი ყოველთვის “მოსალაპარაკებლად”.

– როგორ გარბის, ნანიკო, წლები, არა? ასე მგონია, გუშინ დაიბადნენ ჩვენი ტყუპები.

რეზიმ სიგარეტი გააბოლა და მზერა ერთ წერტილს მიაპყრო.

– ხო, მართლა უცებ გაფრინდა წლები, ნეტავ ჩემი გოგოც აქ იყოს და ერთად აღვნიშნავდეთ ყველა ამ დღეს, მაგრამ რა ვქნათ, ასეთი ყოფილა ღვთის ნება, მაგრამ ესეც ვიცი, რომ სადღაც რომელიმე ქვეყანაში თუ რაიონში, ჩემი გოგოც 20 წლის გახდა და ისიც აღნიშნავს ამ თარიღს, ოღონდ ჩვენ გარეშე, – ნანას თვალები აუწყლიანდა.

რეზიმ გულზე მიიხუტა და მასაც ცრემლები მოაწვა.

მეც მოვედი. როგორ ხართ? – შემოვარდა ლექსო, მშობლებს მოეხვია, აკოცა ერთი წლის უნახავივით.

– რა გადარეული ხარ, დედი, როდის უნდა დასერიოზულდე? – ღიმილით უთხრა ნანამ.

– 10 წელი დრო მაქვს, კიდევ 10 წელი!

– ხო, ეგ იქით, მაგრამ 3 დღეში რომ 20 წელი გისრულდება, სად აღვნიშნოთ, შენ რას აპირებ? – ჰკითხა რეზიმ.

– ხოოო, არ ვიცი, მამა, ვკითხავ ბიჭებს და როგორც მოვილაპარაკებთ. ვნახოთ, რა…

– მე მინდა, რომ სახლში დაპატიჟო, ვინც გინდა და აქ იქეიფეთ, იმხიარულეთ.

– არ ვიცი, მამა, ხომ გითხარი, ვკითხავ ბავშვებს-მეთქი, რას იტყვიან, ვნახოთ. არ უყვართ ისე ოჯახებში სიარული და ეგეთი ამბები.

– მე გითხარი და ჩვენ მზად ვართ, გადაწყვიტეთ, – უთხრა რეზიმ.

ოჯახი ყოველთვის დიდი გულისფანცქალით ელოდა ამ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტრაგედიაც იყო და დიდი სიხარულიც. ლექსო – უნიჭიერესი ბიჭი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო და, ყველა, ვინც მას იცნობდა, ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა.

მშობლებს ხათრი ვერ გაუტეხა და სახლში აღნიშნა ეს დღე. 6 მეგობარი ეწვია ლექსოს, მათ შორის თეკოც, რომელიც მშობლებს გააცნო, როგორც “ჩემი პატარა სათამაშო”. მართლა საყვარელი გოგონა იყო, ნანა სამზარეულოდან თვალს არ აშორებდა.

შუაღამე იყო, როცა ბავშვები დაიშალნენ. რეზიმ მანქანით მიაცილა სტუმრები სახლამდე.

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა ლექსო. ძლივს გააგონა, ბიჭები იყვნენ.

– აუ, გძინავს? ხომ ვთქვით, გუშინ 9-ზე უნდა გავიდეთო! – ლაშა იყო.

– ჩამეძინა, რა… წადით, ძმობას ვფიცავ და ორ საათში ქუთაისში შეგხვდებით. ჯერ თავს ვერ ვწევ.

ტელეფონი გათიშა, ცოტა ხანი კიდევ ებრძოდა ძილს და ბახუსს. “ნეტავ, არ წამიყვანა”, – რამდენჯერმე ამოუტივტივდა თავში, მაგრამ სძლია ყველაფერს და 2 საათში უკვე გადარეულივით მიქროდა დასავლეთ საქართველოსკენ.

ქუთაისის საავადმყოფოში დაშავებულები მიეყვანათ, შესასვლელი სავსე იყო ხალხით.

დერეფანში, რომელიც საოპერაციო ოთახთან იყო, რეზი და ნანა ბოლთას სცემდნენ. სასოწარკვეთილები იყვნენ.

კარი გაიღო, მორიგე ექიმი გამოვიდა.

– სისხლი სასწრაფოდ! კიდევ გვჭირდება.

– რეზი, ახლავე დავრეკავ, ტელევიზიით გადასცენ, – უთხრა მეგობარმა ექიმმა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა მშობლებს.

მეგობრებმა რაღაც მოლაპარაკება დაიწყეს:

– მე მაქვს მე-4 დადებითი სისხლი, მე გადავუსხამ,- მორიდებით თქვა თეკომ. ყველამ იმედის თვალით შეხედა გოგონას, ეს უკვე ერთადერთი შანსი იყო ლექსოს გადარჩენისა.

ექიმმა საორდინატოროში შეიყვანა თეკო, რათა შეემოწმებინათ. ცოტა ხანში ყველამ შვებით ამოისუნთქა.

– ნანიკო, უფალი გვიფარავს, ხომ ხედავ, – ცრემლმორეული ხმით უთხრა რეზიმ.

ნანამ ფეხაკრეფით შეაღო საორდინატოროს კარი და მწოლიარე თეკოს მიუახლოვდა.

– შენ მხსნელად მოევლინე ჩემს ოჯახს, შვილო, მხსნელად…

დახედა თუ არა გოგოს, ერთხანს გაშეშდა – მის მკლავზე გადაიტანა მზერა და დააშტერდა – ნიშანი, ის ნიშანი, რომელიც მის ტყუპებს დაბადებიდან ჰქონდათ, ზუსტად ისეთი, როგორიც ლექსოს აქვს!

– ღმერთო! – ამოიკვნესა ნანამ და ბარბაცით უკან-უკან ძლივს გავიდა ოთახიდან.

– რა იყო, ნანა, რა მოხდა მანდ? – შეეკითხა გაფითრებულ ცოლს რეზი.

– შედი და გოგონას მარჯვენა მკლავზე დახედე, – თქვა და გონება დაკარგა.

ნანა პალატაში შეიყვანეს, მოასვენეს. უკვე გონსმოსული ფიქრობდა: “ნუთუ ორივე შვილს დღეს ერთად დამიბრუნებს უფალი?!”. ამასობაში დონორებიც გამოჩნდნენ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

გადარჩა ბიჭი, სიკვდილს სძლია და დაბრუნდა სააქაოს.

თითქმის სამი თვე დასჭირდა ლექსოს რეაბილიტაციას. სახლში იყო თავის მშობლებთან. მეგობრები ყოველდღე მოდიოდნენ სანახავად, მათ შორის – თეკოც.

ნანა დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ ის მისი დაკარგული შვილი იყო, უფრო და უფრო აკვირდებოდა და მეტ მსგავსებებს პოულობდა.

ერთხელ თეკო განმარტოებით დაისვა და უთხრა:

– შენ გადაარჩინე ჩემი ლექსო, იმ წუთებში რომ არა შენი სისხლი, ჩემი შვილი ალბათ მოკვდებოდა.

– აბა, რა უნდა მექნა, ნანა დეიდა? ეს გარდაუვალი იყო.

– შენი მშობლები ვინ არიან, შვილო, საიდან ხარ? მინდა, ყველაფერი ვიცოდე შენ შესახებ.

– მე მხოლოდ ბებო მყავს, მშობლები არ მახსოვს. ბებომ მითხრა, ძალიან პატარა ვყოფილვარ, როცა ერთ ღამით ვიღაცას “კალათით დავუტოვებივარ”. კალათში ბარათი ყოფილა, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, მას ბებო ინახავს… – თეკო გაჩერდა, წუთიერი დუმილი ჩამოვარდა.

– თეკო, მე ოცი წლის წინ მომპარეს ლექსოს ტყუპისცალი, მარიამი, სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში. ასე მგონია… კი არა, უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, შენ ხარ ის ჩემი დაკარგული გოგონა… მარტო ის ნიშანი მკლავზე, ზუსტად ისეთი, როგორიც ლექსოს აქვს და ამდენი ხანია გაკვირდები… უკვე ეჭვი არ მეპარება. ეს შენთვის ძალიან მძიმე იქნება, შვილო, ვიცი, მაგრამ იქნება დნმ-ს ანალიზი გავიკეთოთ…

თეკოს ხმა ვერ ამოეღო, გაკვირვებული, თვალცრემლიანი შეჰყურებდა ატირებულ ქალს.

გამოკვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა ყველას გასახარად. თეო ნანას და რეზის დაკარგული ქალიშვილი – მარიამი აღმოჩნდა. ოჯახი ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ ბედნიერებას.

მარიამი და მისი გამზრდელი ბებია თბილისში გადმოსახლდნენ.

რაც შეეხება ბარათს, ბებომ არ ისურვა მისი გამოაშკარავება, ერთი კი თქვა: “იქ გაურკვეველი ასოებით ეწერა: ამ ბავშვის დაბადებას ჩემი შვილის და შვილიშვილის სიცოცხლე შეეწირა და ამიტომ ვიძიე შური”.

დასასრული

სრულად წაკითხვა