რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთსა და ალჟირს შორის.
ეკიპაჟის ორი წევრი დაკარგულია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემი ჩაიძირა ძრავის ოთახში აფეთქების შემდეგ. ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და გადაიყვანეს კარტახენას პორტში, ორი დაკარგულად ითვლება.
რუსული გამოცემა Mediazona OSINT-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუთი რუსული სატვირთო გემი, „ურსა მაიორის“ ჩათვლით, შევიდა ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, სირიიდან რუსული ბაზების ევაკუაციის მიზნით. LSEG რადარის მონაცემები აჩვენებს, რომ გემი გაემგზავრა რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტიდან 11 დეკემბერს და პორტიდან გამოსვლისას მიუთითა, რომ მისი შემდეგი გაჩერება იყო რუსეთის პორტი ვლადივოსტოკი და არა სირიის პორტი ტარტუსი, სადაც ადრე დადიოდა.
გემის მფლობელმა კომპანია Oboronlogistics-მა 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ გემს გადაჰქონდა სპეციალიზებული საპორტო ამწეები, რომლებიც ვლადივოსტოკის პორტში უნდა დამონტაჟდეს. life.ru-ს მიერ გავრცელებულ, გემის ჩაძირვის გადაუმოწმებელ ვიდეო კადრებში გემბანზე მიბმული ორი ამწე ჩანს.