20 ივლისს, დღის ბოლოს მეფე ჩარლზ მესამემ დაამტკიცა ახალი პრემიერმინისტრის ენდი ბერნემის მიერ შეთავაზებული მთავრობის წევრების ნაწილი.
ახალი პრემიერის კაბინეტში რჩება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯონ ჰილი. მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე რეიჩელ რივზი ჩაანაცვლა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა და შრომის მინისტრებმა.
ორშაბათს დამტკიცებული მინისტრების სია:
- ფინანსთა მინისტრი - ჯონ ჰილი
- საგარეო საქმეთა მინისტრი - ედ მილიბენდი
- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება შაბანა მაჰმუდი
- ჯანდაცვის მინისტრი ივეტ კუპერი
- შრომის მინისტრის პოსტზე რჩება პეტ მაკფადენი
- განსახლების მინისტრი ანჯელა რეინერი
- ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერებისა და ვაჭრობის მინისტრი - ჯონათან რეინლოდსი
- განათლების მინისტრი - ლუსი პაუელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტი ენდი ბერნემმა 20 ივლისს დაიკავა. ამავე დღეს გადადგომის თხოვნით მეფე ჩარლზ მესამეს მიმართა კირ სტარმერმა.
თანამდებობის დაკავების შემდეგ ახალი პრემიერმინისტრის პირველი სატელეფონო საუბრები შედგა აშშ-ის პრეზიდენტთან, უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან.
ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს პირველსავე მიმართვაში დაპირდა ხარჯების შემცირებას, ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციას, უსახლკარობის დასრულებას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.
თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაზე კირ სტარმერმა 18 ივნისს განაცხადა, რისი მიზეზიც გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისი ლიდერობით ლეიბორისტული პარტიის წარუმატებელი შედეგები იყო.

12 hours ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·