,,ჩემი მანიფესტი“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი

2 hours ago 3

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მანიფესტს აქვეყნებს:

,,ჩემი მანიფესტი:

რუსებმა წააგეს უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისინი აგებენ უკრაინაშიც. ჩვენ ერთადერთი ის დაგვრჩენია – ჩავჯდეთ ამ მსოფლიო ლოგიკაში, და ამ დროს რით ვართ დაკავებულნი?!

რუსეთი იწვის.

გუშინ უკრაინამ საბოლოო ენერგეტიკულ იზოლაციაში მოაქცია ოკუპირებული ყირიმი. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ჰაერში აფრენილი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახურავი. ზუსტად ასევე, სახურავივით აქვს მოხუფული ივანიშვილს საქართველო. სოლოლაკში მისი სასახლე არა მხოლოდ თავზე აწევს თბილისს, არამედ მისი მმართველობა, ქილის ხუფივით, ტოვებს საქართველოს უჰაეროდ და შმორის სუნს აყენებს მსოფლიოს მასშტაბით.

იმისათვის, რომ ეს სახურავი აძვრეს, აუცილებელია შიგნით მუდმივი თუხთუხი, ენერგიის სწორად მიმართვა, რაც არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების გასაკეთებელია. ეს უნდა იყოს თუხთუხი უსამართლობაზე, თუხთუხი საქართველოს ღირსების დაკნინებაზე, თუხთუხი კორუფციასა და სიღარიბეზე.
ვგრძნობთ ჩვენ ასეთ თუხთუხს?! პასუხია: თითქმის ვერ ვგრძნობთ, უფრო სწორად, ის სრულიად არასაკმარისია.
ვინ უნდა ქმნიდეს ამ დუღილის ტემპერატურას? – ეს არის ოპოზიცია. მინდა ვკითხო დარბაზს: კმაყოფილი ხართ თუ არა დღევანდელით? დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა სიტუაციას ან გამარჯვების კრიტერიუმებს? – არანაირად!

ოპოზიციის არსებული კონფიგურაცია არის გარდაუვალი დამარცხების ქრონიკა. რანაირად უნდა დაამარცხოს ამ ოპოზიციამ დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა გაყალბებულ არჩევნებში, ვიდრე მათ „კონკურენტ“ ოპოზიციონერს; როცა 26 მაისის აქციაზე ბევრმა უარი თქვა მოსვლაზე ორგანიზატორების ვინაობის გამო, ხოლო გუშინწინდელ, გავრილოვის ღამის წლისთავის ღირსების აქციაზე არ გამოვიდა 26 მაისის ბევრი ორგანიზატორი, იმიტომ რომ მე დავუჭირე მხარი ამ აქციას?

როგორ უნდა გაიმარჯვოს ასეთმა ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე თვითდამკვიდრებას ცდილობს, მთელი ეს წლები ჩემი საარჩევნო ბაზის დაშლითა და დატაცებით არის დაკავებული და ამ საქმისთვის სიამოვნებით იღებს ფულს დიქტატურის დამქაშებისგან? სწორედ ასეთმა მიდგომამ ჩამოშალა ოპოზიცია. ან როგორ უნდა გაიმარჯვონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც, ძირითადად, კონკრეტული ბიზნესჯგუფის ბიზნესპროექტები არიან?
„ლელო“ მამუკასა და ბადრის ბიზნესპროექტია. „ახალი“, რაც არ უნდა ამის უარყოფაში იყოს ვინმე, თავიდანვე იყო ძმები გილაურების ბიზნესპროექტი – არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ელექტორალური ბაზის გასაყოფად.
მიზანი შესრულდა და მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, მათ დაფინანსება შეამცირეს და „ახალიც“ გაიჭედა.

ამათ გარდა, არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნესპარტიული პროექტი როგორც ახალგაზრდულ სპექტრში, ასევე უფროს ასაკობრივ კატეგორიებში. ბიზნესპროექტის პრობლემა იმაშია, რომ მათი „ინვესტორები“ მათ ძირითადად ივანიშვილთან სავაჭროდ იყენებენ, თავიანთ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებენ და არ არიან ორიენტირებულნი გამარჯვებაზე.

მე ძალიან მაღალი აზრის ვარ „ნაცმოძრაობის“ წევრებზე. ესენი არიან თავდადებული, გმირული ხალხი, რომელთა თავზეც გადაიარა უმძიმესმა რეპრესიებმა, იმიტომ რომ ისინი ძლიერი, წარმატებული ქართული სამყაროს იდეების გამატარებლები არიან. ჩვენ გვყავს უმაგრესი ლიდერები, როგორიცაა: ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, თიკა ბოკუჩავა, გია ბარამიძე, პეტრე ცისკარიშვილი. გამოჩნდნენ და უკვე დამკვიდრდნენ უმაგრესი ინტელექტუალური და მებრძოლი ახალგაზრდები (ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენაშვილი, იგორ ნარმანია).

ჩვენ გვყავს უმაგრესი მხარდამჭერები, გაბნეული მთელ მსოფლიოში.

ეს არის მაღალინტელექტუალური, პატრიოტი ხალხი, რომელთა კომენტარებსაც სოცქსელებში დიდი გულისყურით ვეცნობი, და მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მხარდამჭერებსა და თავად პარტიულ სტრუქტურას შორის არის მხოლოდ ცალმხრივი კავშირი. იმის მაგივრად, რომ ჩვენი ეს მხარდამჭერები პროცესის თანამონაწილედ გავხადოთ, პარტიული სტრუქტურა მათ ეუბნება: „ჩვენ წავმართავთ პროცესებს და თქვენი როლი შემოიფარგლება უბრალოდ ჩვენი მხარდაჭერით“, რაც მარცხის პირდაპირი რეცეპტია.

ბოლო დღეებში ზოგიერთისგან ისიც გავიგე, რომ საქმე წინ იმიტომ არ იძვრის, რომ ძალიან შეზღუდულ წრეში იღებს მიშა გადაწყვეტილებას.

ვაღიარებ, რომ მე ნამდვილად არ ვარ შეუცდომელი და, დიახ, ჩემი წრე ძალიან შეზღუდულია – ის შემოიფარგლება ციხის რამდენიმე თანამშრომლითა და ჩემი თავით; ძირითადად, სწორედ ჩემს თავთან ვატარებ დროს. მაგრამ გაფაციცებით ვაკვირდები ყველა პროცესს და ხანდახან სამარტოო საკანში გაჩენილ ჩემს იდეებს გაცნობთ ხოლმე. და რა, ამ იდეების ციხიდან კომუნიკაციამ შეგიშალათ ხელი თქვენს, სხვამხრივ, წარმატებულ საქმიანობაში? და თანამდებობების გარშემო დავა საერთოდ უცნაურია.

მე ხელახლა მინდა ავხსნა, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია, მათ შორის – შიდაპარტიული დემოკრატია.
აქ დაიწერა სოცქსელებში პოსტები, რომ მიშამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილებაო ვიწრო წრეშიო, რომ მისი ხმა ბევრ ხმას უდრის და ამიტომ სჯობს, არ გამოთქვას აზრიო.

მეგობრებო, არ მინდა დავიჯერო, რომ გულგრილობისკენ და უმოქმედობისკენ მომიწოდებთ. დიახ, ლიდერის ხმა, ალბათ, უდრის ბევრ ხმას – მთელ მსოფლიოში ასეა. დიახ, მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, რომ დავუჭირო მხარი კონკრეტულ კანდიდატურას, მაგრამ პარტიის უმრავლესობის გადასაწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი ჩემს წინადადებას.

აქ ზოგიერთი ჩემი მეგობარი წერს: მიშა იზოლაციაშია და მის აზრს მნიშვნელობა არ აქვსო. კი მაგრამ, ეს ხომ დამატებით არგუმენტს აძლევს დიქტატურას, რომ ვყავდე სამუდამოდ იზოლაციაში? ეს იგივეა, რომ ნელსონ მანდელასთვის მის მიერ დაფუძნებულ პარტიას (ANC) ეთქვა: იზოლაში ხარ და შენი აზრი არ გვაინტერესებსო.

ან კიდევ: ბიძინა და მიშა ერთნაირ დიქტატს ეწევიან პარტიაშიო. მეგობრებო, ბიძინა ფულით მართავს, და თქვენ რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ ჩემგან? თუ არა, მე მაქვს მხოლოდ მორალური უპირატესობა.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის გემი, რომელიც იძირება; ამასობაში, ჩვენ ტრიუმში ვკამათობთ, თუ ვინ რომელი კაიუტა უნდა დავიკავოთ, იმის მაგივრად, რომ გემბანისკენ გავიქცეთ და ქვეყნის დამაქცევარებს გემის საჭე ჩამოვართვათ. საერთოდ, პარტიული თანამდებობების არსებობა და, მით უმეტეს, მათზე კამათი დღევანდელ სიტუაციაში არის სრული წყლის ნაყვა.

დროა მივხვდეთ, რომ ჩვენი მთავარი დაბრკოლება რეჟიმის მოშორების საქმეში არის წარსული კლიშეები და ინსტინქტი – შევინარჩუნოთ სტატუს-კვო, როგორც ქვეყანაში, ისე ჩვენსავე თავში.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი და იმავე მოჯადოებული წრიდან, უნდა გამოვიდეთ მუდმივი მსხვერპლის მდგომარეობიდან: „ისევ დაგვიჭირეს, ისევ გვცემეს, ისევ მოგვისპეს ჯანმრთელობა“ – მსგავსი მუდმივი საინფორმაციო ნაკადი კვებავს დიქტატურას.

დღევანდელმა პარტიულმა სისტემამ თავისი თავი მთლიანად ამოწურა, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე რეალიებს.

პარტიები კარგია, როცა თამაშის წესები არსებობს. კარი მუდმივად აქეთ-იქით მოძრაობს. აქ კი მსაჯი დადის დიდი კომბლით და, როგორც კი რომელიმე გუნდის მოთამაშე კარგად იწყებს თამაშს, ეგრევე ურტყავს თავში კომბალს, თამაშიდან გაჰყავს ციხეში გაშვებით. თან პარტია არის საარჩევნო ინსტრუმენტი და ჩვენთან რა არჩევნები ტარდება?

ჩვენ არა მხოლოდ ივანიშვილის დიქტატურას უნდა დავემშვიდობოთ, არამედ უნდა დავემშვიდობოთ ძველ, თუნდაც იმ დროისთვის წარმატებულ მიდგომებს, იმიტომ რომ ახალ დროს სრულიად ახალი მიდგომები სჭირდება – ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ; ის, რაც ძალიან ინოვაციური იყო 2004 წელს, უიმედოდ მოძველებულია.

დღეს საკითხი დგას ასე: ან მთლიანად განახლდი, ან პოლიტიკურად მოკვდები!

ჩვენ გვჭირდება მთლიანად ახალი ტიპის, ჰორიზონტალური სტრუქტურა, სადაც არავინ არავისზე არ იეჭვიანებს, სადაც ერთმანეთს ხელს კი არ შევუშლით, არამედ გავაძლიერებთ. შეიძლება პროცესში აღმოჩნდეს, რომ არსებული შენობის ძირეულ რემონტს სჯობს მთლიანად ახალი შენობის აშენება.

არ არსებობს დიქტატურა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ამ დიქტატურის დამარცხების გასაღები არის ჩვენში – ის უნდა ვიპოვოთ და მოვარგოთ.
დიქტატორის წინააღმდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ხუთი ფრონტი:
1. კონტრპროპაგანდისტული: მათი კლიშეების დანგრევა, ოპერატიული რეაგირება ყოველ ახალ დეზინფორმაციაზე, ოპოზიციის მიერ საინფორმაციო დღის წესრიგის ჩამოყალიბება.
2. ანტიკორუფციული ფრონტი: აი, დაახლოებით რასაც აკეთებენ ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე და რისი „გროსმეისტერიც“ ხაბეიშვილია. ეს არის ბანდის ყველა ძარცვის დოკუმენტირება, საზოგადოებისთვის გაცნობა და მომავლისთვის შენახვა.
3. ქუჩის ფრონტი: არ დავაჩაგრინოთ კრიმინალებსა და კრიმინალად ქცეულ პოლიციელებს თავი, ფიზიკურად შევძლოთ გამკლავება.
4. საერთაშორისო ფრონტი: რეჟიმის მუდმივი მხილება და იზოლაცია.
5. ტექნოლოგიური ფრონტი: AI-სა და სხვა ტექნოლოგიების რეჟიმის მაქინაციების განეიტრალებისთვის გამოყენება.

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჯერ იმედს და შემდეგ მოვახდენთ ცვლილებას; დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის სიდიადე!“

სრულად წაკითხვა